Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ რუსეთი უკრაინაში ბავშვების დახოცვის გამო სირცხვილის სიაში შეიყვანა


უკრაინაში, ქალაქ უმანში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების დასაფლავება. უმანი, 2023 წლის 30 აპრილი.
უკრაინაში, ქალაქ უმანში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების დასაფლავება. უმანი, 2023 წლის 30 აპრილი.

რუსეთის შეიარაღებული ძალები და სხვა სამხედრო დაჯგუფებები გაერომ შეიყვანა „სირცხვილის სიაში“, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ბავშვების უფლებების დარღვევის გამო.

ბავშვებისა და შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის გავრცელდა 22 ივნისს, ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დროს დაღუპული 136 ბავშვის სიკვდილში დამნაშავე არიან რუსეთის არმია და მასთან დაკავშირებული ჯგუფები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიამ განახორციელა თავდასხმა 480 სკოლასა და საავადმყოფოზე, ხოლო 91 ბავშვი რუსეთის არმიის მიერ გამოყენებული იქნა ცოცხალ ფარად.

ამავე ანგარიშში, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს და რომელმაც გამოჟონა და მედიას ჩაუვარდა ხელში, ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინის არმიის მოქმედების შედეგად დაიღუპა 80 ბავშვი, ხოლო მის მიერ განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო 212 სკოლა და საავადმყოფო. ჩანს, იგულისხმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მოწყობილი თავდასხმები.

უკრაინის არმია დამრღვევთა სიაში არ შეუყვანიათ, აღნიშნავს Reuters-ი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კი რუსეთისა და უკრაინის მიმართ სხვადასხვა სიტყვა გამოიყენა: რუსეთის არმიის ქმედების გამო, როგორც იტყობინებიან, ის „შოკირებულია“, ხოლო უკრაინისა -„შეშფოთებული“. ანგარიში გუტერეშისთვის მოამზადა ვირჯინია გამბამ, ბავშვების და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილის მოვალეობის შემსრულებელმა. გამბა სტუმრობდა უკრაინას და რუსეთს. აშშ-მა ის გააკრიტიკა იმის გამო, რომ შეხვდა ბავშვთა დაცვის საკითხებში რუსეთის წარმომადგენელს, მარია ლვოვა-ბელოვას, რომლის მიმართ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა.

ბავშვების რიცხვი, რომლებიც უკრაინაში ომის დროს დაიღუპნენ, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია, ვიდრე ის გაეროს მოჰყავს. საერთაშორისო ორგანიზაციები სტატისტიკაში მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ შემთხვევებს რთავენ.

XS
SM
MD
LG