Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრო ნამდვილი, ვიდრე სინამდვილე


რას ვუყუროთ? - ირანული ფილმი „წრე“ (2000)
რას ვუყუროთ? - ირანული ფილმი „წრე“ (2000)

„წრე“(2000, ირანი, რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი)

ირანში ჯაფარ ფანაჰის პასპორტი დაუბრუნეს და დართეს ნება დაეტოვებინა ქვეყანა. 62 წლის კინორეჟისორი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ თებერვალში გაანთავისუფლეს. ირანის ხელისუფლებას ის ჯერ კიდევ 23 წლის წინ დაუპირისპირდა, როცა ცენზურამ აკრძალა „წრე“ - ფილმი, რომელმაც „ოქროს ლომი“ მოიგო ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. თუმცა მთავრობამ ფილმების დაცენზურება არ იკმარა. 2010 წელს ფანაჰი დამნაშავედ ცნეს არასამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერასა და „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“. სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ჯაფარ ფანაჰი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გაანთავისუფლეს. მისთვის დღეს უკვე შესაძლებელი გახდა დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში მუშაობის გაგრძელება - ფანაჰი უყვართ ევროპასა და ამერიკაში, მისი ფილმები არაერთხელ აღნიშნულა საერთაშორისო კინოფესტივალების მთავარი პრიზებით. თუმცა არა მგონია ფანაჰისთვის სამშობლოს დატოვება გამარჯვებას ნიშნავდეს. პირადად მე მიჭირს დავინახო ამ დიდი ხელოვანის ფილმები თანამედროვე ირანის სურათების გარეშე. პეიზაჟები და პოეტური სახეები იქით იყოს. ირანული კინოს კლასიკოსებისგან განსხვავებით ფანაჰი, ცნობილი როგორც „ქალაქური კინოს“ ავტორი, ფერწერულ-პოეტური სტილის თაყვანისმცემელი არც არასდროს ყოფილა. მაგრამ მისი ფილმები წარმოუდგენელია თანამედროვე ირანული სოციუმის გარეშე. სწორედ გარემომ, რომელშიც ცხოვრობენ ფანაჰის თანამემამულეები, შექმნა ჯაფარ ფანაჰის განუმეორებელი სტილი - აბსოლუტურად თავისუფალი თანამედროვე ირანულ კინოში დაგროვილი კლიშეებისგან.

„წრე“ ამ გარემოს გეომეტრიული სახეა. ჩაკეტილი წრე სრულიად ჩაკეტილი ქვეყანაა, საიდანაც თავს ვერ აღწევენ ფანაჰის ფილმის გმირები. მით უფრო სიმბოლურია, რომ ეს სახე, საპატიმრო, საიდანაც ანთავისუფლებენ და მერე, ისევ აპატიმრებენ „წრის“ გმირებს, თანამედროვე ირანელ ქალებს, ჯაფარ ფანაჰის „დაებედა“ ცხოვრებაში - ჩაკეტილი წრე მისი ბიოგრაფიის იერსახეც გახდა.

ფანაჰის შემოქმედებას თუ არ იცნობთ, უნდა გაგაფრთხილოთ - ირანელ რეჟისორს თხრობის თავისებური მანერა აქვს და სანამ მის სტილში გაერკვევით შეიძლება გაგიჭირდეთ ფილმის აღქმა. „წრეში“ მოქმედება (უფრო სწორად „მოქმედებები“) ვითარდება მთავარი გმირის გარეშე. უფრო მეტიც, რამდენიმე ამბავი თანამედროვე ირანელ ქალებზე წყდება და ისე გადადის მეორეში, რომ ბოლოს წრე იკვრება - ფილმის ფინალი პროლოგს უბრუნდება. პარადოქსია, მაგრამ თხრობის სირთულეს აქ გამოხატვის რადიკალური სისადავე აძლიერებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ფანაჰი ფარული კამერით იღებს, ამთხვევს კამერის მოძრაობას პერსონაჟების ტემპს და საერთოდ არ ადარდებს არც კადრის სურათოვნება და არც „სწორი მონტაჟი“. ირანში ცენზურა, მოგეხსენებათ, უკრძალავს რეჟისორებს ქალების გადაღებას თავსაფრის გარეშე. ფანაჰი სიყალბეს ყოველთვის გაურბოდა. ამიტომაც იგონებდა სიუჟეტებს ან ბავშვებზე, ან ქალებზე, რომელთა თითქმის მთელი ცხოვრება ქუჩაში, საავადმყოფოში, ციხეში გადის... ასეა „წრეშიც“.

შემთხვევით არ გადაფარავს ფილმში ჩაკეტილ წრეს გახსნილი სარკმელი. ეს მართალია საპყრობილის სარკმელია, მაგრამ კინოეკრანსაც ჰგავს. სისტემას შეუძლია ადამიანი ციხეში გამოამწყვდიოს, მაგრამ მის ფიქრებს, შემოქმედებით მუხტს ვერ გაუსწორდება, ვერ გააკონტროლებს. ასეა ფანაჰის შემთხვევაშიც - დაშინების, დევნის, ბოლოს დაპატიმრების მიუხედავად, მან ბოლომდე იბრძოლა. არსებითად მთელი მისი შემოქმედება, მისი ფილმები ბრძოლის ისტორიაა. ქალების და ბავშვების ბრძოლისა.

აბორტი, კორუმპირებული სასამართლო, უუფლებო ქალები, რომლებიც მზად არიან საკუთარი შვილები სხვას გადასცენ აღსაზრდელად, პროსტიტუაცია... ამ თემების წინ წამოწევამ ცენზურის რისხვა დაიმსახურა. ფანაჰის ბრალი დასდეს სინამდვილის დამახინჯებაში. არადა „წრე“დოკუმენტურ ფილმს უფრო ჰგავს (ფანაჰის უყვარს არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა). არ არსებობს კადრი, რომელიც დადგმულის შთაბეჭდილებას დატოვებდა. ფანაჰი პრინციპული რეალისტია. უბრალოდ იგი ცდილობს მხატვრულად გაიაზროს რეალობა, რომელშიც ცხოვრობს. გადაღებული მასალის ორიგინალური აწყობა მისი სტიქიაა. სწორედ აწყობაში, კონტექსტში, ეპიზოდების კავშირში იბადება ხოლმე მისი ფილმების მთავარი გზავნილები. აქ „წრეში“ მთავარი გმირი ქალების ისტორიები ერთმანეთში გადადის და იკვრება, რათა მაყურებელი მიხვდეს - რაოდენ განსხვავებულადაც არ უნდა განვითარდეს ამ ქალების ბედი, სინამდვილეში თანამედროვე ირანში არც ერთი ქალი არაა თავისუფალი. ისინი ორმაგად არიან დათრგუნულები; მათზე ძალადობს ტოტალიტარული სისტემა, ხელისუფლება, სასამართლო, პოლიცია და პატრიარქალური გარემო, რომელიც ქალებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს.

ერთ ინტერვიუში ფანაჰი სთხოვს მაყურებელს ყურადღებით ადევნოს თვალი როგორ იცვლება გადაღების ტექნიკა 4 ქალის ამბავში. მაგალითად, ახალგაზრდა და მეოცნებე ქალის ნოველას ფანაჰი ფართოკუთხიანი ობიექტივით იღებს, საერთო ხედებით, რათა მაქსიმალურად დაფიქსირდეს გარემომცველი სინამდვილე. დანარჩენი ქალების ცხოვრება შედარებით ახლო ხედებით იხატება. აქ მოქმედება ნაკლებია, ადამიანის სახეზე გამოხატული ემოცია კი მნიშვნელოვანი. მეოთხე გმირის ეპიზოდი უკვე აბსოლუტურად გაყინული კამერითაა გადაღებული. მოძრაობა სრულდება. თითქოს რეჟიმმა „დააპატიმრა“ კამერა და შესაბამისად ავტორი, რომელიც უთვალთვალებდა სისტემის მსხვერპლ ქალებს.

„კინოს შეუძლია ახლებურად დაგვანახოს ყველაზე მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული რეალობა - ამბობს ჯაფარ ფანაჰი - კინო აცოცხლებს ამ რეალობას. ამიტომაც მგონია, რომ ზოგჯერ კინო უფრო ნამდვილია, ვიდრე სიცოცხლე“.

ფანაჰი დააპატიმრეს. მაგრამ მისი დაბრმავება ვერ შეძლეს.

ფილმის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG