Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კიდევ ერთი წლით დარჩება - Politico


იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდანაა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.
იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდანაა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ პოსტზე კიდევ ერთი წლით დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ სტოლტენბერგის, როგორც გენერალური მდივნის, უფლებამოსილების გაგრძელება უკვე "გადაწყვეტილი საკითხია." მაღალჩინოსანმა დიპლომატმა დასავლეთ ევროპიდან დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "მომავალ კვირას გაფორმდება."
ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი ანონიმურობის დაცვით აღნიშნა, რომ ალიანსში არსებობს კონსენსუსი სტოლტენბერგის უფლებამოსილების გაგრძელებაზე.

გამოცემის ცნობით, ნატოს წევრ ქვეყნებს 11-12 ივლისის ნატოს ვილნიუსის სამიტამდე სურდათ გენერალური მდივნის ახალი კანდიდატურის შესახებ შეთანხმების მიღწევა. აღნიშნულია, რომ მოკავშირეებმა რამდენიმე თვე გაატარეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. სტოლტენბერგის შესაძლო მემკვიდრეებად დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი განიხილებოდნენ.

როგორც Politico წერს, ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგის კიდევ ერთი წლით დატოვების გადაწყვეტილებაზე გავლენა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოახდინა. არაერთმა ქვეყანამ არჩია მხარდაჭერა გამოცდილი პოლიტიკოსისა, რომელიც ნატოსთვის პოლიტიკურად რთულ დროს თავისი ფრთხილი რიტორიკითაა ცნობილი.

იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნატოს შტაბ-ბინას 2014 წლიდან უდგას სათავეში. სტოლტენბერგის კანდიდატურა გენერალური მდივნის პოსტზე გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა წარადგინა.

XS
SM
MD
LG