Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: შსს-ს სამართალდარღვევისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა


7-9 მარტს თბილისში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა. 
7-9 მარტს თბილისში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის.

საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს.

„კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“. საიას თანახმად, „იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა, ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები“. რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“.

შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება „მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი საკითხების სისტემური გადაწყვეტა.

განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში.

თბილისში 7-9 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა. პოლიციამ 130-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით, ორი დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

XS
SM
MD
LG