Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექთნებისა და სანიტრებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ახალი ოდენობა დაწესდება


სანიტრის, უმცროსი ექიმისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულთათვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა ფართოვდება, რაც მათთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს უწყებამ უკვე შესთავაზა. ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები, ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს გააცნობენ ჯანდაცვის სამინისტროს.

კოვიდ-პანდემიის პერიოდში და მას შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა, მათ შორის, ექთნებმა და სანიტრებმა, არაერთხელ მოითხოვეს ღირსეული ანაზღაურება. როგორც ისინი აცხადებდნენ, მძიმე სამუშაო პირობებისა და მასთან შეუსაბამო ანაზღაურების ფონზე, პროფესია აღარ იყო მიმზიდველი ახალი კადრებისთვის, კადრები კი პროფესიიდან და ქვეყნიდან წასვლას ცდილობდნენ.

ისინი სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკისა და სამედიცინო სექტორისთვის მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობის გადახედვას მოითხოვდნენ.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

2021 წელს, „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასის გამოანგარიშების ფორმულის თანახმად, მათი მინიმალური ხელფასი 1200 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო.

XS
SM
MD
LG