Accessibility links

site logo site logo

„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ“, - ექთნები ბრძოლას იწყებენ


ია ხელაძე შვილებთან ერთად

სამუშაო დღის ბოლოა. ია კლინიკიდან გამოდის. „კამილიელების სამედიცინო ცენტრში“ დღეს რვასაათიანი სამუშაო დღე ჰქონდა. სახლში შედარებით ადრე მივა და ღამესაც შვილებთან ერთად გაათენებს. სამაგიეროდ, გუშინ დილით დაასრულა 24-საათიანი მორიგეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

38 წლის ია ხელაძე ექთანია. ორ სამსახურში უწევს მუშაობა, რომ თვის ბოლოს 1000 ლარამდე მოაგროვოს. იას ორი შვილი ჰყავს - 14 წლის თემო და 11 წლის ანი. ის მარტოხელა დედაა. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებს. კვირაში ორჯერ 24-საათიან მორიგეობაზე მიდის კლინიკაში.

რამდენიმე დღის წინ, იამ სოციალურ ქსელში შვილთან სატელეფონო მიმოწერის ფოტო გამოაქვეყნა. მორიგეობაზე წასულ დედას, ანი სწერს:

"დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ. ძალიან გთხოვ, აღარაფერს მოგთხოვ, რასაც იყიდი, მარტო იმას შევჭამ, ან არ შევჭამ. სულ ჩემს გვერდით იყავი, გთხოვ. 5 საათამდე იმუშავე მარტო".

ანი ახლა დედის წინ ზის. დღეს კარგი დღე იყო, დედას რვასაათიანი სამუშაო ცვლა ჰქონდა და სახლში შედარებით ადრე დაბრუნდა, ხელში ფერად სამაჯურს ათამაშებს და დედას უსმენს, რომელიც დამსაქმებელს და ხელისუფლებას ადეკვატურ ანაზღაურებას სთხოვს.

ანიმ მხოლოდ ის იცის, რომ დედამ თუ არ იმუშავა, ძალიან ბევრი თუ არ იმუშავა, მაშინ შეიძლება მარტივი თხოვნაც კი ვერ შეუსრულოს, მაგრამ ანის ახლა დედასთან სხვა, უფრო მნიშვნელოვანი თხოვნა აქვს:

„როცა მოდის, სულ სძინავს. როცა იღვიძებს, ან საჭმელს აკეთებს ან სახლის სხვა საქმეს და ჩემთვის თითქმის არ სცალია. სულ მენატრება და მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს. მაგალითად, მინდა, რომ სკოლამდე მიმაცილოს, გაკვეთილების მომზადებაში დამეხმაროს. ერთად გავისეირნოთ. ჩემთან გაატაროს დრო“, - ამბობს ანი, რომელსაც გული უჩუყდება და ცოტაც რომ გააგრძელოს, ატირდება.

ია 9 წელია ექთანია. დროის უმეტესი ნაწილი მან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაატარა. იას ერთ-ერთი სამსახური დღესაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია. მისთვის, ისევე როგორც სხვა მედპერსონალისთვის, ყველაზე რთული გადასატანი ბოლო ორი წელი გამოდგა. პანდემიამ სხვა მედმუშაკების მსგავსად, იას ბეჭებზეც გადაიარა.

ექთანს იმედი ჰქონდა, რომ მისი და მისი კოლეგების ბოლო წლების თავდაუზოგავი შრომა ცოტათი მაინც დაფასდებოდა და ანაზღაურება გაიზრდებოდა, თუმცა, 2022 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კოვიდ-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, ის კოვიდ-დანამატიც გაუქმდა, რომელსაც კოვიდ-კლინიკებში დასაქმებული პერსონალი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხელფასთან ერთად იღებდა:

ია ხელაძე
ია ხელაძე

„კოვიდის დროს, ადამიანებისთვის ჩვენ ვიყავით, დედაც, მამაც, ძმაც, შვილიც, მათ ვერავინ ეკარებოდა ჩვენს გარდა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინახავდნენ ჩვენს შრომას, მაგრამ მადლობაც კი არავის უთქვამს იმისთვის, რომ ჩვენ ოჯახები მივატოვეთ. ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი. ჩვენ მართლა მივატოვეთ ოჯახები, რადგან არ ვიცოდით, რამდენი ხნით მივდიოდით და დავბრუნდებოდით თუ არა. დღემდე კადრებად მახსოვს, როგორ გადავწყვიტე წასვლა, როგორ ჩავალაგე ჩანთა ჩუმად. როგორ ვფიქრობდი მთელი ღამე და არ ვიცოდი, რამდენ ხანს მოგვიწევდა კლინიკაში დარჩენა. დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო. ეშინოდა. თავის თავზე იმდენად არ ღელავდა, რამდენადაც ჩემზე. ჰემოგლობინი მაქვს დაბალი და ჯანმრთელობა არ მიწყობდა დიდად ხელს, რომ ასეთ მძიმე არჩევანს ვაკეთებდი. რატომ რისკავო, ცდილობდა, უარი მეთქვა კოვიდ-განყოფილებაში მუშაობაზე, მაგრამ ვერ ვიტყოდი უარს. ის კვირა, როცა სხვა ექთნები მორიგეობდნენ და ჩვენ იზოლაციაში ვიყავით, ვერ ვისვენებდი, რადგან ვიცოდი, როგორ სჭირდებოდათ იქ დამხმარე ხელი“.

გარდა ფიზიკური გადატვირთვისა, კოვიდ-პანდემიამ იას და მის კოლეგებს მძიმე ემოციური სტრესიც დაუტოვა:

„დღემდე მახსენდება და კადრად ვხედავ კოვიდით გარდაცვლილ ჩემ პირველ პაციენტს. მე თავად გავაცილე ინტენსიურ განყოფილებაში. ახალგაზრდა იყო. მართლა მჯეროდა, რომ გადარჩებოდა. რომ მიგვყავდა, მკითხა, იქაც შენსავით კარგად მომივლიანო? ერთ დილას, როცა მის სანახავად რეანიმაციულ განყოფილებაში შევედი, მის ადგილას სხვა დამხვდა და მითხრეს, რომ დაიღუპა, ვერც გადმოგცემთ, რა შეგრძნება დამეუფლა. მერე წავიდა ყველაფერი უკან და უკან. ვამბობდი ხოლმე, რომ ვმუშაობდი ჯოჯოხეთში დედამიწაზე. ზუსტად ჩვენი ოთახის წინ გამოჰყავდათ გარდაცვლილები. შავ პარკებში გახვეულები. უკვე აღარც ვკითხულობდით, ჩვენი პაციენტი იყო თუ არა, რადგან გაუსაძლისი ტკივილი იყო“.

იამ თვეები გაატარა განმარტოებით, ცალკე ოთახში, ოჯახისგან მოშორებით - როცა სამსახურიდან დაბრუნებული, არც დედას და არც შვილებს ახლოს არ ეკარებოდა:

„დღემდე ჩვევად დამრჩა, ბავშვებს ჩახუტება რომ უნდათ, მეშინია, ვერ ვეხუტები, მგონია, საშიში ვარ“, - გვეუბნება ია.

მარტომ გადაიტანა იამ 2021 წლის იანვარში კოვიდიც. ის კლინიკაში დაინფიცირდა. გაუმართლა და არც შვილები და არც დედა მას არ დაუინფიცირებია. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, იას დედა მაინც კოვიდს ემსხვერპლა:

„არ ვიცი, ეს რამდენად მიმსუბუქებს ამ აუტანელ ტრაგედიას, მაგრამ ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დედა მე არ დავაინფიცირე და დედა ჩემს გამო არ მოკვდა. არცერთ ჩვენგანს, ვინც კოვიდ-კლინიკებში ვმუშაობდით, არ გვქონდა იმის გარანტია, რომ ამ ბრძოლაში ან თავად არ დავიღუპებოდით და ან ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზი არ გავხდებოდით. ახლა მივხვდი, რომ ხმა თუ არ ამოვიღეთ, არაფერი შეიცვლება. სოციალურ ქსელშიც სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე ჩემი და ჩემი შვილის მიმოწერა. ხელფასების მომატება მხოლოდ კლინიკაზე არ არის დამოკიდებული. კლინიკის უკან ხელისუფლება დგას. ხომ შეიძლება, რომ მოგვიდგნენ ადამიანურად, დაუთმონ დრო ამ საკითხის განხილვას. ჩვენ... არც კლინიკას ვებრძვით და არც პიროვნულად ვებრძვით ვინმეს. რვა წელია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვმუშაობ, ოჯახივით ვართ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სამუშაოს ადეკვატურ ხელფასს, მეტს არაფერს. არავის ვუპირისპირდებით, უბრალოდ მოვითხოვთ, რომ გადაიხედოს ჩვენი ხელფასები. ნუთუ ჩვენი შრომის ადეკვატურია ის ხელფასი, რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ?“

ია ხელაძე ამბობს, რომ ის სახელფასო პოლიტიკა, რა პოლიტიკაც დღეს ქვეყანაში ექთნების ხელფასებთან დაკავშირებით არსებობს, მომავალ წლებში ექთნების სერიოზულ დეფიციტს შექმნის:

„ეს დეფიციტი დღეს უკვე არის და ეს კოვიდ-პანდემიამაც კარგად გამოაჩინა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ამ სფეროში აღარავინ მოისურვებს დასაქმებას. კვალიფიციური კადრი გაქრება. მეც მიფიქრია, ამ სფეროდან წასვლა, მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე. გულწრფელად ვთვლი, რომ მე ამ სფეროში საჭირო ვარ. თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ, მართლა ასეა...როცა უკიდურესად დაბალი ხელფასის გამო იძულებული ხარ, 24-საათიანი მორიგეობიდან ახლა სხვა სამსახურში წახვიდე, შენი მუშაობის ხარისხიც ხომ ეცემა? მე კი მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ფიზიკურადაც ხომ უნდა შევძლო ჩემი საქმის სრულფასოვნად შესრულება? დღეს ბევრი ექთანი ტოვებს ამ სფეროს. ზოგიც საზღვარგარეთ მიდის. ახლა როცა ამდენი წელი გავიდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროსთვის საჭირო კადრი ვარ. ნუ მაიძულებენ, რომ წავიდე, არ მინდა, რომ წავიდე. მომცენ საშუალება, რომ ვიყო იქ, სადაც საჭირო ვარ“.

ია თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი თვიური შემოსავალი ნაცვლად 500 ან 600 ლარისა, 1500 ლარამდე გაიზრდება, ეს ექთნებს საშუალებას მისცემს, რომ ერთი სამსახური აირჩიონ, ყოველ მეოთხე დღეს, 24-საათიანი მორიგეობით იმუშაონ და შვილებთან, ოჯახებთან ურთიერთობის დროც დარჩეთ.

დავით კაპანაძე სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთნად მუშაობა კოვიდ-პანდემიის დროს დაიწყო. 24-საათიან მორიგეობაში 65 ლარს იღებს. ანუ, საათში დაახლოებით 2 ლარსა და 73 თეთრს.

დავითმა და მისმა კოლეგებმა ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირში, „სოლიდარობის ქსელში“ გაწევრიანება და ამ გზით ღირსეული ხელფასისთვის ბრძოლა დაიწყეს. 6 ივნისს შეხვდნენ კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანსაც:

დავით კაპანაძე
დავით კაპანაძე

„ბატონმა ლევანმა გვითხრა... თითო მორიგეობაში 65 ლარს ვერაფერს დავუმატებთო. გვინდა, რომ კლინიკაში გამოვაცხადოთ საჯარო კოლექტიური ბრძოლა და კლინიკასთან გავაფორმოთ კოლექტიური ხელშეკრულებები. სახელმწიფომ უნდა დანიშნოს მედიატორი და ამ გზით განხორციელდება მოლაპარაკებები ადმინისტრაციასა და პროფკავშირების წევრებს შორის. ეს თუ არ მოხდება, შემდეგ ალბათ პროტესტის უკიდურეს ფორმას, გაფიცვას გამოვიყენებთ“.

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მან მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ კლინიკაში დასაქმებულ პერსონალს სხვა კლინიკების თანამშრომლებისგან განსხვავებით, შედარებით მაღალი ანაზღაურება ჰქონოდა:

ლევან რატიანი
ლევან რატიანი

„ჩემს კლინიკაში დაახლოებით ერთ-ნახევარჯერ მეტია სახელფასო ფონდი სხვა კერძო კლინიკებთან შედარებით. თერაპიულ განყოფილებაში ექთნების თვიური შემოსავალი შეადგენს 625 ლარს. საათში ხუთი ლარი ერიცხება რეანიმაციის ექთნებს. თავს არ ვზოგავ, რომ ჩემს მედპერსონალს, განსაკუთრებით მათ, ვინც ღირსნი არიან ამ ყველაფრის, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. მოთხოვნა უნდა იყოს რეალისტური, კვალიფიკაციაზე ორიენტირებული. დიახ, ხელფასი უნდა ეწეოდეს ინფლაციას, ოღონდ გეოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში. ჩემი რანგის პროფესიონალს სხვა, ევროპულ ქვეყნებში, ათჯერ და ორმოცდაათჯერ მეტი ხელფასი აქვს...მოთხოვნა ძალიან ბევრი შეიძლება გვქონდეს ადამიანებს, მაგრამ ამის რესურსიც ხომ უნდა არსებობდეს?“

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმითვე, ქვეყანამ ექთნების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სტრატეგია უნდა შეცვალოს და ეს პროფესია, ისევე როგორც ექიმის პროფესია, რეგულირებადი უნდა გახადოს. მას მიაჩნია, რომ ექთნის ხელფასი პირდაპირ უნდა იყოს მიბმული მის კვალიფიკაციასთან:

„...მე არ დამიწყია ცხოვრება პროფესორობით, სანიტარიც ვიყავი, ექთანიც, ექიმიც და მე თუ მკითხავთ, როგორც კლინიკის დირექტორს, პირდაპირ უნდა იყოს მიბმული ექთნის კვალიფიკაცია სახელფასო ანაზღაურებასთან. კვალიფიციური ექთნები, სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან ცოტა გვყავს. ამიტომ სახელმწიფო სტრატეგია უნდა შეიცვალოს, ეს სფერო უნდა გახდეს რეგულირებადი პროფესია, როგორც ექიმის პროფესია. მე კოვიდმა შემიშალა ხელი, თორემ ჩვენ სულ ვატარებდით გადამზადების კურსებს. 80% მომხრეა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მაგრამ იმ 20%-ს არ უნდა განათლების მიღება, არ სურს კვალიფიკაციის ამაღლება და როცა საექთნო საქმე გახდება რეგულირებადი, მაშინ სახელფასო სისტემაც დარეგულირდება. ყველას უნდა, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ასე არ გამოდის“.

ზუსტად ერთი წლის წინ, ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირმა, „სოლიდარობის ქსელმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება“. როგორც ანგარიშში ვკითხულობდით, მიუხედავად პანდემიური ფონით დაპირებული სახელფასო მატებისა, ექთნების შემოსავლების ზოგადი ზრდა მაინც ვერ მოხერხდა. კვლევის მიზანი იყო საქართველოს ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასის გამოანგარიშებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის საფუძვლის შექმნა.

  • „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის ძირითადი მიგნებები კი ასე გამოიყურებოდა:
  • პანდემიისას შრომის მატებასთან ერთად ექთნების 60%-ისთვის შრომის პირობები გაუარესდა;
  • გამოკითხულთა 65.8% არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ნაწილობრივ იღებს 17.3%, ხოლო ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იღებს მხოლოდ 16.9%;
  • ხელფასების ზრდა არ მომხდარა კერძო საავადმყოფოებში დასაქმებული ექთნებისთვის;
  • ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებას და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს ერთ სამუშაო ადგილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, რესპონდენტების 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას;
  • გამოკითხული ექთნების 89.2% საჭირო რაოდენობისა და ნივთიერებების საკვებს არ/ვერ იღებს. 90.1% ხელფასის უკმარისობას მიიჩნევს საჭირო საკვებისა და ნივთიერებების ნაკლებობის მიზეზად.

გასულ წელს, „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასის გამოანგარიშების ფორმულის თანახმად, ეს მინიმალური ხელფასი 1200 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, თუმცა, ინფლაციისა და გაზრდილი ფასების ფონზე, ნონა ზანდარაშვილი, „სოლიდარობის ქსელის“ ექთნების გაერთიანების თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ დღეს უკვე არათუ 600 ლარი, არამედ 1200 ლარიც კი ვეღარ ჩაითვლება ექთნებისთვის ღირსეულ ხელფასად:

„ჩვენ გვინდა, რომ მიზანმიმართული მოძრაობა დავიწყოთ სხვადასხვა კლინიკებთან. ჩვენ ახლა ვიწყებთ კოლექტიურ დავას. როდესაც ერთი ადამიანი იწყებს ბრძოლას, ასეთ დროს მიზანი თითქმის მიუღწეველია ხოლმე და როცა კოლექტიურად არის მოთხოვნა, გინდა არ გინდა, ადმინისტრაცია ამას გვერდს ვერ აუვლის და აუცილებლად ყურად იღებს. ექთნები ადრე უფრო ერიდებოდნენ საჯაროდ ლაპარაკს. ახლა უკვე ყველას ამოუვიდა ყელში, მიხვდნენ, რომ საშველი სიჩუმეში არ არის. პანდემიის დროს ორი კაპიკის მომატებამ მათ რაღაც იმედი ჩაუსახა და აღარ ეგონათ, რომ ხელფასის ისევ იმ ქვედა ზღვარზე ჩავიდოდნენ, რაც პანდემიამდე ჰქონდათ. როგორ ვთქვა, მაგრამ მიუხედავად არანორმალური შრომისა, ამ პანდემიამ ექთნები ფინანსურად თითქოს ცოტათი ამოასუნთქა. ის ანაზღაურება, რასაც დანამატის სახით იღებდნენ, მიუხედავად უკიდურესად რთული სამუშაო პირობებისა, მაინც უღირდათ. დღეს პანდემია დასრულებულად გამოცხადდა. კოვიდ-დანამატები მოიხსნა. ექთნები დარჩნენ კვლავ მიზერული ხელფასის პირისპირ. დაბალი ხელფასის გამო ორ და სამ სამსახურში დავრბივართ, ვიღლებით და შესაძლოა, გადაღლილ და გადამწვარ გონებაზე, მაგალითად, სწორად ვეღარ შევაფასოთ პაციენტის პარამეტრები. ახლა გაჩუმების დრო აღარაა. ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გვაბარია“.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG