Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმეზე სააპელაციომაც გაამართლა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე, ძალადობის საქმეზე საქართველოს პირველ ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. გადაწყვეტილება დღეს, 11 ივლისს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

ამ საქმის ბოლო სხდომა 7 ივლისს გაიმართა - ადვოკატებმა და პროკურატურამ ეს დრო დასკვნითი სიტყვისთვის გამოიყენეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ მოსამართლეს მიმართა, რომ ძალაში დაეტოვებინა ჩოგბურთელის გამამართლებელი განაჩენი, რადგან, მისი აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მრავალთვიანი განხილვისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს, მან ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა - ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, მას ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

XS
SM
MD
LG