საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს იმ ადგილების შესწავლა, საიდანაც შეიძლება დაუშვან პარაპლანით ფრენა. გუდაურის გარდა, საუბარია კიდევ 11 ადგილზე, მათ შორისაა: თბილისი, კახეთი, მესტია, ბახმარო, გოდერძი, ბაკურიანი და სხვა.
სააგენტოში დამატებით აღნიშნავენ, რომ 13 ივლისს პარაპლანით ფრენების სერვისად შეთავაზების მსურველებმა გაიარეს პრაქტიკული გამოცდები, რასაც აკვირდებოდნენ მათი წარმომადგენლები. პილოტის მოწმობები გაიცემა მფრინავებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.
საქართველოში თითქმის 9 თვის განმავლობაში იყო აკრძალული პარაპლანით ფრენა. ამას წინ უსწრებდა ფრენის დროს მომხდარი უბედური შემთხვევა. მთავრობამ დაამტკიცა წესი, რომელიც არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. პარაპლანისტები აკრძალვის მოხსნას მოითხოვდნენ.
2022 წლის 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე პარაპლანით ფრენის დროს ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა და მათგან ერთი დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენში იჯდა 8 ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ისინი სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპნენ.