Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - ამბობენ ადვოკატები


ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი
ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია Metric-ი აცხადებს, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა ივანიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. საუბარია Credit Suisse-ის შვილობილი კომპანიისთვის ყოფილი პრემიერის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის დაკისრებაზე.

ადვოკატების თქმით, გადაწყვეტილება სასამართლომ 2023 წლის 23 ივნისს გამოაცხადა.

"Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა... გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა", - წერია იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის მარტში შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა, იყიდა გაკოტრების პირას მყოფი, ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse.

  • თებერვალში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Credit Suisse Group AG -მა მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავის ფარგლებში 210 მლნ დოლარი გადაუხადა.
  • გასული წლის მარტში გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს, სასამართლო დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო (Bloomberg-ი 607 მლნ დოლარს ასახელებს). გადაწყვეტილება მაშინ ბერმუდის სასამართლომ გამოიტანა.
  • გასული წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1,27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.
  • ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ მის დასაცავად დანაკარგებისგან, რომლებიც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლეკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა. თაღლითობისთვის გასამართლებულმა ლეკოდრონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
  • Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.
  • ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
  • მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომელთა მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლეკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულებისა და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
  • Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობისა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG