Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოხვდა მარგველაშვილი FARA-ს დოკუმენტში


გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ნახსენებია FARA-ს დოკუმენტში, რომელიც აღწერს მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის გაწეულ მომსახურებასა და ხარჯებს.

დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა მმართველი პარტიის წევრებმა ამ საკითხზე 24 ივლისს გაამახვილეს ყურადღება.

რა წერია დოკუმენტში?

გიორგი მარგველაშვილი ნახსენებია FARA-ს ერთ-ერთი 28-გვერდიანი ანგარიშის მე-7 გვერდზე, სადაც პრესრელიზის გამოქვეყნებაზეა საუბარი. მეტი სიზუსტისთვის ფრჩხილებში მითითებულია კონკრეტული დასახელებაც - "საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სათავეში უდგას კოალიციას ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ცხოვრების გადასარჩენად". ზუსტად ამავე სახელწოდების სათაურით გამოქვეყნდა მასალა BLOOMBERG-ზე, რომელსაც სათაურის ქვეშ აქვს მინიშნება, რომ ეს არის სარეკლამო ახალი ამბავი (PR Newswire).

იგივე მითითება იყო benzinga.com-ზე იმავე სახით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ანალოგიურ განცხადებაზე, რომელიც გამოქვეყნდა prnewswire.com-ზეც, დამკვეთად მითითებული იყო: "გლობალფონთ ინტერნეიშენალი" სააკაშვილის სახელით გიული ალასანიასთვის", რომელსაც არაერთი მასალა აქვს სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული.

რა ეწერა იმ პეტიციაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მოამზადა?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის სახელით მომზადებულ პეტიციაში, რომელსაც ათეულობით პოლიტიკოსი აწერდა ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში გარდაცვალების შემთხვევაში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე.

"თუ რამე დაემართება პრეზიდენტ სააკაშვილს, პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე, ღირსებასა და სიცოცხლეზე მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დაეკისრება. პრეზიდენტ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობით საქართველოს ციხეში გარდაცვალება უკიდურესად საზიანო იქნება ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკისთვის და საქართველოში არსებულ პოლარიზაციას გააღრმავებს. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ და პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში სიკვდილის უფლება მივცეთ. პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ", - ეწერა დოკუმენტში.

ვინ აწერდა ამ პეტიციას ხელს?

გიორგი მარგველაშვილის გარდა დოკუმენტის ხელმომწერთა შორის იყვნენ ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა; თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჰიქმეთ ჩეთინი; ჩეხეთის ყოფილი პრემიერი იან ფიშერი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები პოლონეთიდან, მოლდოვიდან, ბელგიიდან, სერბეთიდან.

მარგველაშვილმა აიღო ფული?

FARA-ს დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც გიორგი მარგველაშვილია ნახსენები, არაფერია ნათქვამი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტისთვის თანხის გადახდაზე. დოკუმენტში აღნიშნულია პრესრელიზის გავრცელების ჰონორარი კომპანიისთვის, რომელიც სააკაშვილის ინტერესებს ლობირებდა.

თუმცა მმართველ პარტიაში გაკეთებული კომენტარები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ 11,5 ათასი ამერიკული დოლარიდან ნაწილი მაინც გიორგი მარგველაშვილამდე მივიდა.

"...ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

რას ამბობს მარგველაშვილი?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ამ ინფორმაციას ბინძური ტყუილი უწოდა.

"ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული, როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია, ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. მხიარული კომენტარია, თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით - 11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო", - უთხრა მან "ინტერპრესნიუსს".

გიორგი მარგველაშვილს დაუკავშირდა რადიო თავისუფლებაც, თუმცა მან მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა: "ბინძურ პროვოკაციების გაღრმავებაზე კომენტარს არ გავაკეთებ".

FARA (Foreign Agents Registration Act) არის კანონი, რომელიც აშშ-ში ლობისტურ კომპანიებს ფინანსების გამჭვირვალობას ავალდებულებს. მონაცემები ქვეყნდება იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე.
XS
SM
MD
LG