Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო რეფორმის კანონის მიღების შემდეგ ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა


დემონსტრანტები, რომლებმაც თელ-ავივში ავტომაგისტრალი გადაკეტეს. 25 ივლისი, 2023 წელი
დემონსტრანტები, რომლებმაც თელ-ავივში ავტომაგისტრალი გადაკეტეს. 25 ივლისი, 2023 წელი

ისრაელში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში მას მერე, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ჩარჩოებში შემუშავებულ ახალ კანონს.

წუხელ დემონსტრანტებმა თელ-ავივში ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ქალაქში დადგმულ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს.

დემონსტრაციის დროს მოხდა ინციდენტი - ავტომანქანა დაეტაკა სამ დემონსტრანტს. ისინი მცირედ დაშავდნენ, იტყობინება Haaretz-ი. ერთ-ერთი დაშავებულის თქმით, "ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა: მანქანა ჩვენკენ მოქროდა". პოლიციამ დააკავა მანქანის ოცი წლის მძღოლი.

არაერთ ადგილას შეტაკება მოხდა პოლიციას და დემონსტრანტებს შორის. საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა წყლის ჭავლი, რისგანაც რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა. მედიის თანახმად, ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს.

24 ივლისს იერუსალიმში 120-წევრიანი პარლამენტის, ქნესეთის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას.

ახალი კანონით, უზენაესი სასამართლო ვეღარ დაადგენს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება „შეუსაბამოა“ და ვერ გააუქმებს მას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილებას უწოდა დემოკრატიისკენ აუცილებელი ნაბიჯი.

ოპოზიციის ხელმძღვანელმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თქვა, რომ, „სამწუხაროდ, კენჭისყრა გაიმართა ხმების შესაძლო მინიმალური უმრავლესობით“.

XS
SM
MD
LG