Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ზელენსკის ინიციატივით შექმნილი ბიზნესპლატფორმის პრეზენტაცია


თბილისი. ბიზნესპლატფორმა NAZOVNI-ს პრეზენტაცია.
თბილისი. ბიზნესპლატფორმა NAZOVNI-ს პრეზენტაცია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა" თბილისში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ალიანსი გახდა საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა Nazovni-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ცნობა საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელა

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის" ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და კერძო ბიზნესის მხარდაჭერას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პლატფორმა NAZOVNI-ს პრეზენტაცია. NAZOVNI არის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტი, გლობალური ბიზნესპლატფორმა. იგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი.

საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ღონისძიებაზე ხაზგასმით ილაპარაკა უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო, სამრეწველო და კულტურული კავშირების მდიდარ ისტორიაზე და ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის ომამდელი დონის აღდგენის აუცილებლობაზე.

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა ბოლო დროს განსაკუთრებით დაძაბულია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა კიევი 6 ივლისს დატოვა.

4 ივლისს გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს. მასგადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა "ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო". ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების განცხადებას საფუძველმოკლებული უწოდა და თქვა რომ „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.

XS
SM
MD
LG