Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინალ არძინბამ ზელენსკი შეადარა სააკაშვილს


ინალ არძინბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
ინალ არძინბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ერთ-ერთ ვიდეოგამოსვლაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეადარა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო არის „საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დღე“, რომელიც საქართველოს ისტორიაში „სამარცხვინო“ დღედ დარჩება. ინალ არძინბას თქმით, 2008 წელს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა "ივარაუდა, რომ მას შეეძლო რუსეთის დამარცხება", მაგრამ 15 წლის შემდეგ "ის აღმოჩნდა ციხეში თავისსავე სამშობლოში - თანაც ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ".

არძინბა პარალელს ავლებს უკრაინის პრეზიდენტთან და ზელენსკის უწოდებს „რუსოფობიის მორიგ მსხვერპლს“, რომელმაც „პოლიტიკური ამბიციების გამო“ ეჭვის ქვეშ დააყენა „უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის, არსებობა“.

„დღეს რუსოფობიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, ზელენსკიმ გამოიწვია რუსეთი. იმის გამო, რომ არ ჰქონდა საჯარო მმართველობის გამოცდილება, დაუდევრად და არაპროფესიონალურად, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, საფრთხე შეუქმნა უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას. დასავლელმა კურატორებმა, თავიანთი ხალხების ბუნებრივი წნეხის გამო, უკვე დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტისგან დისტანცირება. და სად იქნება ზელენსკი 15 წლის შემდეგ? კითხვა რიტორიკულია“, - განაცხადა ინალ არძინბამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებსა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრისას.

XS
SM
MD
LG