Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადასცა ანათემას რუსეთმა ლეგენდარული ჰეტმანი მაზეპა?


ივან მაზეპას ძეგლი პოლტავაში
ივან მაზეპას ძეგლი პოლტავაში

იმ დროს, როდესაც უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად იბრძვიან, უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩორის ლავრის საკითხის გადასაჭრელად იბრძვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის.

ამ ძალისხმევაში კიევს და უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ) მხარს უმაგრებს ლეგენდარული ჰეტმანი ივან მაზეპა, თავის დროზე მოსკოვის მოკავშირე, რომელიც შემდგომში რუსეთმა ანათემას გადასცა.

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთის სიძულვილი ჰეტმან მაზეპას მიმართ სრულიად გასაგებია, რადგან მაზეპა ხელს უშლიდა რუსეთის იმპერიას, რომ იმპერია გამხდარიყო“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

1687 წელს მაზეპას მფლობელობაში შემავალი „საჰეტმანო“ რუსეთის მოკავშირე იყო. მაგრამ 1708 წელს, მაზეპამ პეტრე დიდის წინააღმდეგ შვედეთთან შეკრა სამხედრო კავშირი, რითაც საშინლად განარისხა რუსეთი, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოღვაწე დღემდე მოღალატედ არის შერაცხილი.

ვისთვის რეკს „მაზეპას ზარი“?

როგორც ყოველთვის, რუსეთის ბოროტების იმპერიამ გაანადგურა ისინი, ვინც მისი წინააღმდეგი იყო.
არქიმანდრიტი აბრაამი

მიმდინარე წლის 25 ივლისს ივან მაზეპას ზაპოროჟიეს კაზაკთა ჯარების ჰეტმანად დანიშვნის 336-ე წლისთავთან დაკავშირებით, კიევ-პეჩორის ლავრაში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

1687-1708 წლებში მაზეპა, ზაპოროჟიეს კაზაკთა ჯარების ჰეტმანი და უკრაინის ვრცელი ტერიტორიის მმართველი, ეკლესიის დიდი მფარველი იყო და მისი დახმარებით აშენდა არაერთი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის, კიევის ცენტრში, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ლავრა, მასთან დაკავშირებული საეკლესიო კომპლექსი და წმინდანთა საძვალე.


გასულ თვეში გამართული ღვთისმსახურების ღონისძიების პარალელურად, კიევში მოეწყო რესტავრირებული ზარის პრეზენტაცია, ზარისა, რომელიც მრავალი საუკუნის წინ ტაძარს სწორედ მაზეპამ უსახსოვრა. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მაზეპას ზარმა ლავრის მთავარ სამრეკლოში დაიდო ბინა.

სიმბოლურია, რომ ცერემონიაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი, რაც წარმოადგენდა ეკლესიისა და არმიის, ერისა და ბერის ერთიანობის დემონსტრირებას რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, რომელიც 17 თვეა გრძელდება.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ამ ზართან, ამ წმინდა ზართან, რომელმაც ბევრი რამ ნახა თავისი არსებობის განმავლობაში, ბევრს გაუძლო და გადარჩა ღვთის წყალობით. და ჩვენ გონებით ვუბრუნდებით ჰეტმან ივან მაზეპას, რომელიც ბრძნულად მართავდა სახელმწიფოს, სურდა და ხელს უწყობდა იმას, რომ სახელმწიფო ყოფილიყო დამოუკიდებელი“, - განაცხადა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა და დასძინა: „მაგრამ, როგორც ყოველთვის, რუსეთის ბოროტების იმპერიამ გაანადგურა ისინი, ვინც მისი წინააღმდეგი იყო. და დღეს ამას ჩვენ კვლავაც ვხედავთ“.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, სერიოზული გავლენა მოახდინა უკრაინაში მცხოვრებ მართლმადიდებელთა ცხოვრებაზე, სამწყსოზე, რომელიც მძიმედ განიცდიდა მოსკოვისა და კიევის დაქვემდებარებაში მყოფი ორი ეკლესიის დაპირისპირებას.

რუსეთის ინტერვენციამდე სამი წლით ადრე, 2019 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ აღიარა კიევის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია), რითაც ბოლო მოეღო რუსეთის მრავალსაუკუნოვან ბატონობას უკრაინულ მართლმადიდებლობაზე.

რელიგიური ურთიერთდაპირისპირების ეპიცენტრში


უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვთან ურთიერთობა 2022 წლის მაისში, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაწყვიტა. და ამჟამად, რაც უფრო ერთიანდებიან უკრაინელები რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მით უფრო ძლიერდება და იზრდება ასობით სამრევლო, რომელიც მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) იურისდიქციიდან გამოვიდა და უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ) შეუერთდა. ამ ფონზე УПЦ ენერგიულად ცდილობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ლიდერის, პუტინის მოკავშირისა და ომის აქტიური მხარდამჭერის, მოსკოვის პატრიარქ კირილისგან დისტანცირებას.

მით უფრო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შემცირებას ეროვნული უსაფრთხოების საკითხი უწოდა.

მე-10 საუკუნეში დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა დაპირისპირების „ცხელ წერტილად“ იქცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ) სამონასტრო კომპლექსის დატოვება უბრძანა. ესაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტი, რომელიც ფორმალურად უკრიანის სახელმწიფოს კუთვნილებაა.

უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მამამთავარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიში) კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

ეს მოხდა 29 მარტს, ერთი დღით ადრე, სანამ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერს ლავრა უნდა დაეტოვებინა.


აბრაამმა უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში დარჩენილ ბერებს მიმართა, მიებაძათ მისი მაგალითისთვის.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მღვდლები და ბერები ლავრის უფრო ნაკლებგამოსაჩენ ნაწილში, ე.წ. ქვედა ლავრაში გადავიდნენ, ხოლო მათი წინამძღვარი, მიტროპოლიტი პაველი, კიევის გარეუბანში, შინაპატიმრობაშია. იგი ეჭვმიტანილია „რელიგიური შუღლის გაღვივებასა და რუსეთის ქმედებების გამართლებაში“ და ძიების ქვეშ იმყოფება.

საქმე მიტროპოლიტის საშობაო ქადაგებასთან დაკავშირებით აღიძრა. ქადაგებისას მან განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოაწყო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა და „ნამდვილი დემონი“ უწოდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ფილარეტს. ამის შემდეგ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა მიტროპოლიტის განცხადებების გადამოწმების თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. დეპუტატის აზრით, კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრის წინამძღვარი მორწმუნეებს შორის „უთანხმოებას თესავს“.

„მაზეპა ხელს უშლიდა რუსეთს, გამხდარიყო იმპერია

კიევის გადაწყვეტილებით, უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ) კუთვნილებაში გადაეცა ზედა ლავრა, სადაც იგი ამჟამად რეგულარულად ატარებს ღვთისმსახურებას.

სწორედ ზედა ლავრაში გაიმართა 25 ივლისს ივან მაზეპას ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი. მანამდე მსგავსი ლიტურგია ჩატარდა 11 ივნისს ყველა წმინდანის სახელობის ტაძარში, რომელიც მაზეპამ 325 წლის წინ ააშენა,
უკრაინის მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ ამ მოვლენას „ისტორიული“ უწოდა.

„კიევ-პეჩორის ლავრის ისტორიაში პირველად აღესრულება პანაშვიდი მისი მფარველის, ჰეტმან ივან მაზეპას სახელზე, რომელიც რუსეთის საიმპერატორო ეკლესიის მიერ ცხოვრებაშივე იქნა განკვეთილი იმის გამო, რომ არ ისურვა მოსკოვს დამორჩილებოდა“, - დაწერა ფეისბუკში ტკაჩენკომ.

1708 წელს, ჩრდილოეთის ომის დროს, როდესაც მაზეპამ, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შვედეთის მეფე კარლ XII-სთან შეკრა კავშირი, რუსეთის ეკლესიამ, მეფე პეტრე დიდის პირადი ბრძანებით, ჰეტმანი ანათემას გადასცა. 1709 წლის ივნისში პოლტავის ბრძოლაში შვედეთის დამარცხების შემდეგ, მაზეპა იძულებული გახდა გაქცეულიყო ოსმალეთის იმპერიაში, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

მაზეპას წინააღმდეგ საუკუნეების წინ გამოცხადებულ ანათემას არ ცნობენ დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს იყო პეტრე პირველის ბრძანებით უკრაინის დამოუკიდებლობის იდეის საწინააღმდეგოდ მიღებული არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება.

„მაზეპა იმდროინდელი უკრაინისათვის ცნობილი მეცენატიც იყო. ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა უკრაინა სახელმწიფოდ დარჩენილიყო ბოგდან ხმელნიცკის პერიასლავის შეთანხმების („პერიასლავის რადის“) შემდეგაც, რომელსაც მე-17 საუკუნის შუა წლებში მოეწერა ხელი. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის სიძულვილი ჰეტმან მაზეპას მიმართ, (ის ანათემასაც კი გადასცა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ), სრულიად გასაგებია, რადგან მაზეპა ხელს უშლიდა რუსეთის იმპერიას, რომ იმპერია გამხდარიყო“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

დღემდე რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო მაზეპას მოღალატედ და მეამბოხედ წარმოაჩენენ. ივნისში კიევ-პეჩორის ლავრაში ჰეტმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვის შესახებ ცნობაში, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იტყობინებოდა, რომ მსახურება „სქიზმაში მყოფი“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული.

საქართველოს ეკლესიის „ფრთხილი“ პოზიცია

პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ეკლესია უფრთხის რუსეთის ეკლესიასთან რაიმე ტიპის დაპირისპირებას.
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რის გამოც მასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა როგორც მოსკოვის საპატრიარქომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა УПЦ-მაც.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს არც საქართველოს საპატრიარქო, რასაც ზოგიერთი ქართველი თეოლოგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „სიფრთხილით“ ხსნის.

„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ეკლესია უფრთხის რუსეთის ეკლესიასთან რაიმე ტიპის დაპირისპირებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა.

„ეს არის საქართველოს ეკლესიის პოლიტიკა, ეს არის დამოკიდებულება პირადად პატრიარქისა, რომელიც თავად რუსეთში ფორმირდა და არ სურს არანაირად გაანაწყენოს ისინი. საქართველოს ეკლესია მოერიდა რუსეთის ეკლესიის განაწყენებას არათუ უკრაინის საკითხში, არამედ საკუთარი პრობლემატიკის ირგვლივაც. ვგულისხმობ საეკლესიო პრობლემატიკას, არსებულს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების შიგნით, სადაც არაკანონიკური სახის საეკლესიო იურისდიქცია ყალიბდება. რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, საქართველოს ის არ უარუყვია, როგორც, მაგალითად, რუსეთის ეკლესიას და რამდენიმე სხვას, მაგრამ ვერ აღიარა იგი. მიზეზად მოიდეს ის, რომ ჯერ უნდა გაეცნონ ტომოსს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დააფიქსირონ პოზიცია“, - ამბობს თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი.

საქართველოს ეკლესიის ეს ფრთხილი პოზიცია კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებული დაპირისპირების დროსაც გამოვლინდა, მაშინ როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩორის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა.

მარტის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილით მიმართა მსოფლიო პატრიარქს და სთხოვა ხელი შეუწყოს უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას.

წერილში ილია II შეახსენებდა ბართლომე I-ს, რომ „უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის“, მაგრამ „მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც“, - წერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მსოფლიო პატრიარქს სთხოვდა ხელი შეეწყო დაძაბულობის განმუხტვისთვის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც „მრავალი მხრიდან აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში“.

ილია მეორის ეს წერილი 26 მარტით არის დათარიღებული.
რამდენიმე დღეში უკრაინის მთავრობამ უკრაინის (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესია დაავალდებულა, დაეტოვებინა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 29 მარტამდე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნაკრძალმა, „კიევ-პეჩორის ლავრამ“ უარი თქვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისთვის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 1 აპრილს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მიტროპოლიტ პაველის (ლებედი) სახლი გაჩხრიკეს. ამის შემდეგ იგი დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, სასულიერო პირმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ სპეცსამსახურმა ის შინაპატიმრობაში დატოვა.

  • 14 ივლისს კიევის სასამართლომ შეუცვალა მიტროპოლიტ პაველს (ლებედს) აღკვეთის ზომა და შინაპატიმრობის ნაცვლად იგი საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.
  • მან ბრალდებას „პოლიტიკური შეკვეთა“ უწოდა.
  • პაველ ლებედი კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი 1990-იანი წლების შუა პერიოდში გახდა. მას შემდეგ იგი არაერთხელ აღმოჩნდა სხვადასხვა სკანდალში გახვეული. ძვირადღირებული მანქანების განსაკუთრებული სიყვარულისთვის მიტროპოლიტმა მიიღო მეტსახელი „პაშა მერსედესი“. სხვა საკითხებთან ერთად, მღვდელს კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და ტაძრების მშენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებულ მაქინაციებში ადანაშაულებდნენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG