Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნახევარი მილიონი თბილისის დასუფთავების სამსახურის უფროსების ახალი მანქანებისთვის - აუდიტის დასკვნა


თბილისის დასუფთავების სამსახურმა დირექტორისა და მისი სამი მოადგილისთვის ახალი მანქანები იყიდა 2021 წელს. აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის დაქვემდებარებული "თბილსერვისჯგუფის" ორი წლის დოკუმენტები შეისწავლა და ვერ დაინახა, "რა აუცილებელი საჭიროებით იყო გამოწვეული ახალი მანქანების შესყიდვა".

დასუფთავების კომპანიის თანამშრომლები 2020 წელს კომპანიის კუთვნილი 117 და კერძო საკუთრებაში არსებული 716 მსუბუქი მანქანით სარგებლობდნენ - ჯამში, 800-ზე მეტი მანქანით. ამის მიუხედავად, თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა კომპანიამ 2021 წელს 36 მანქანა შეიძინა, რაშიც 1,7 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან თანხის თითქმის მესამედი მოხმარდა დასუფთავების კომპანიის ხელმძღვანელი პირებისთვის ახალი მანქანების შეძენას.

კომპანიის ძირითადი მოვალეობებია: ქუჩების დაგვა-დასუფთავება, სანიაღვრე სისტემების მართვა, გარე განათების სისტემების მოვლა-პატრონობა და ა.შ.
  • ძვირადღირებული მანქანები იყიდეს დირექტორისთვის (KIA K5) 92 600 ლარად და მისი სამი მოადგილისთვის MITSUBISHI L200 - 80 800 ლარად. იმავე მოდელის მეოთხე მანქანა კი - სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსისთვის.
  • ახალი KIA SPORTAGE - მაღალი გამავლობის ჯიპი, რომელიც 76 200 ლარად იყიდეს, გადაეცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსს.

"მითითებული პირები სამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა მანქანებით", - წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელშიც დამატებით აღნიშნულია, რომ "დირექტორზე გადაცემული იყო 2 მანქანა − SUZUKI GRAND VITARA და KIA OPTIMA, დირექტორის მოადგილეებზე − MITSUBISHI L200 და HUNDAI ELANTRA, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსისთვის − TOYOTA HILUX, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსისთვის − KIA SOUL".

"მანქანების განახლება ხდება მაშინ, როცა მისი მოვლა-პატრონობა საბალანსო ღირებულებაზე მეტი ჯდება. [ამ დროს] ეს მანქანები ითვლება ამორტიზებულად... შემდეგ ხდება ამ მანქანების ჩამოწერა შემდგომი რეალიზაციის მიზნით", - ამბობს კომპანიის დირექტორი, დავით ფაჩულია.

2021 წლის მაისში დადებული ხელშეკრულებით, "თბილსერვისს" მანქანები ოთხ ეტაპად გადაეცა. მათ შორის, დირექტორის ძვირადღირებული მანქანა - 19 ივლისს, მისი მოადგილეების კი - 11 აგვისტოს.

ახალი მანქანების გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტები
ახალი მანქანების გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტები

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია არაერთხელ გაუმართავთ, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ამ პერიოდში იყო. 2021 წლის 6 აგვისტოს, როცა კომპანიას დირექტორს ახალი მანქანა უკვე მიღებული ჰქონდა, თავისი მოადგილეებისთვის კი ელოდებოდა, დასუფთავების პროცესში ჩართული თანამშრომლები უსაფრთხო სამუშაო პირობებსა და ხელფასის ზრდას ითხოვდნენ.

"მანქანა არის, ხან ბოლტი ძვრება, ხან მოტორის პროპელერი; წყალი გასდის ნაგვის ყუთებს, ხალხი ქუჩა-ქუჩა გვლანძღავს, ფუჰ, რა სუნიაო - ამ მდგომარეობაში ვმუშაობთ და ხელფასის მომატება რომ მოვინდომეთ, თურმე, მერია ყოფილა უკმაყოფილო ჩვენით.

რადგან მერია, [თბილისის მერი] კალაძე უკმაყოფილოა ჩვენით, გამობრძანდეს. არ მეშინია, გამაგდებს, აგერ ტელევიზიიდან მივმართავ, აქვე გამოვიჭრი ყელს. გადმოვიდეს კალაძე თავის ლამბორჯინებიდან და ქალაქში ნახოს, კარტოფილი რა ღირს. ამ 744 ლარით [ხელფასით] რა ვქნა?" - ამბობდა მაშინ კომპანიის გაფიცული თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე.

დავით ფაჩულია თანამშრომლების პროტესტს ახალი მანქანების შეძენას არ უკავშირებს.

დამატებით, აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 36 მანქანის შესაძენად ტენდერი კონკურენციის გარეშე ჩატარდა. დასუფთავების კომპანიამ ტენდერის გამართვამდე ბაზრის კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ სამი კომპანიიდან მხოლოდ ერთს შეეძლო 5 სხვადასხვა კატეგორიის მანქანის მიწოდება, თუმცა ამის მიუხედავად ეს შესყიდვა ლოტებად არ დაყო:

"სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ზღუდავდა კონკურენციას. აღნიშნული წარმოშობს რისკს, რომ თბილსერვისმა ფულადი სახსრები არაეკონომიურად დახარჯა".

საპასუხოდ კომპანიის დირექტორი ამბობს: "მე საბუთებით მაქვს დადასტურებული, რომ მინიმუმ ორი კომპანია აკმაყოფილებდა, ბაზრის მოკვლევის შედეგებს, და ორი ინვოისი მე მქონდა. იქ მერე არ შემოვიდა რომელიმე კომპანია, ეგ სხვა ისტორიაა".

ამ ეჭვს აუდიტის სამსახურს უმყარებს ის გარემოებაც, რომ დასუფთავების კომპანიამ უფრო ძვირად იყიდა 11 მანქანა (4 "პიკაპი" და 7 "ჰეჩბეკი"), ვიდრე შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერით - "თბილსერვისმა არაეკონომიურად დახარჯა 83 ათას ლარზე მეტი".

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს "თბილსერვისში" დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმუმ 4993 ერთეული იყო, აქედან 2924 მეეზოვე-დამგველია - ანუ თანამშრომელთა თითქმის ნახევარი.

"შესაბამისად, გაურკვეველია, რა საჭიროებითაა გამოწვეული ჯამში 869 ერთეული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენება, დაახლოებით, ყოველი მე-2 დასაქმებულისთვის [მეეზოვეების გამოკლებით], რომელთა უმეტეს ნაწილს საოფისე ფუნქციური დატვირთვა აქვს და მათი საქმიანობა არ უკავშირდება ოფისის გარეთ, სხვადასხვა ლოკაციაზე ვიზიტებს...

გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები", - წერია დასკვნაში.

აუდიტორები სახელმწიფო კომპანიაში ხედავენ არასამსახურობრივი დანიშნულებით საწვავის გამოყენების რისკებსაც. თბილისის დასუფთავების კომპანიამ მხოლოდ ორ წელიწადში, 2020 და 2021 წელს, 17,8 მილიონი ლარის საწვავი დახარჯა. ამ რისკებზე საუბრის დროს მოყვანილია რამდენიმე გარემოება. მათ შორის, დაფიქსირდა 24 შემთხვევა, როცა მანქანაში იმაზე მეტი საწვავი "ჩაასხეს", ვიდრე მისი ავზი იტევდა - ჯამში ჩასხმულია 1527 ლიტრი.

ფოტო აუდიტის დასკვნიდან
ფოტო აუდიტის დასკვნიდან

"თბილსერვისში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომპანიისთვის მიყენებული ზიანი საწვავის სრული ღირებულება 4533 ლარია, რაც "ზემოაღნიშნულ თანამშრომლებს მათივე თანხმობით დაუკავდათ ხელფასიდან." მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არცერთი მანქანა არ ეკუთვნოდა დირექტორს ან მის რომელიმე მოადგილეს.

აუდიტის სამსახურის დასკვნა 25 აგვისტოს, 18:06 საათზე გამოქვეყნდა, ამავე დღეს 18:21 საათზე კი თბილისის მერიის დასუფთავების კომპანიამ ახალი 60 მანქანის შესაძენად ტენდერი გამოაქვეყნა. "თბილსერვისჯგუფს" ამისთვის 3,2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დასუფთავების სამსახურის უფროსი მერთან და მერის მოადგილესთან ერთად
დასუფთავების სამსახურის უფროსი მერთან და მერის მოადგილესთან ერთად

"აქვთ მათ [აუდიტის სამსახურს] თავიანთი პოზიცია, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ ყველა პუნქტს მიაწერეს, რომ სარეკომენდაციო ხასიათისაა", - განაცხადა ფაჩულიამ.

"თბილსერვისჯგუფის" ყოფილი დირექტორისთვის, რომეო მიქაუტაძისთვის შეძენილი KIA K5-ით ახლანდელი დირექტორი - დავით ფაჩულია სარგებლობს. 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 28 დეკემბრამდე ის დირექტორის მოადგილე იყო. აუდიტის დასკვნა სწორედ მათი ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდს ეხება.

XS
SM
MD
LG