არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ეროვნულ კრებას ხვალ გადადაგომის თაობაზე წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა თავისი ფეისბუიკის გვერდზე დაწერა.
მისი განცხადებით გადაწყვეტილება საბოლოოა და ორი დღის წინ მიიღო. ბოლო კვირებში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ძალებთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთკავშირის შემდეგ.
„ეს აწონილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მიღებულია მხოლოდ ჩემს მიერ, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე“- წერს არათუნიანი.
რამდენიმე დღის წინ სტეფანაკერტში, აღორძინების მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებთან მიმართვისას, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ თათბირზე გვიანობამდე განიხილავდნენ პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნის საკითხს.
„რამდენიმე დღის წინ მინდოდა გადადგომა“, - განაცხადა მაშინ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენმა და განმარტა, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდებოდა და საჭიროების შემთხვევაში გადადგებოდა.
მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შემდეგ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ივლისში „უკიდურეს ზომას“ მიმართა და სტეფანაკერტში მჯდომარე აქციას შეუერთდა.
17 ივლისს არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „ექსტრემალური ნაბიჯის“ გადადგმა გადაწყვიტა, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისს.
არაიკ არუთუნიანი დე ფაქტო პრეზიდენტად 2020 წლის 14 აპრილს აირჩიეს, მანამდე დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.
- ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობა ცხოვრობს ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათის, მედიკამენტების მწვავე დეფიციტში.
- 29 აგვისტოს დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყოველ ოჯახს მხოლოდ ერთი თავი პურის აღება შეეძლება. პურის გრძელი რიგები ახლა ყარაბაღელების ყოველდღიურობის ნაწილია.
- ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 15 აგვისტოს დაფიქსირდა შიმშილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონებზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკავეს სომხურმა ჯარებმა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.