Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა აღკვეთეს

რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ამის შესახებ დღეს დილიდან, ტელეგრამ-არხებით იუწყებიან მოსკოვის მერი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ადგილობრივი დროით დილის ექვსის ნახევრისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონსა და კალუგის ოლქში გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც მოსკოვზე შეტევას ცდილობდნენ. სობიანინის თანახმად, დრონის ნამსხვრევებმა ისტრის რაიონში დააზიანა საყოფაცხოვრებო ობიექტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების ადგილად მხოლოდ კალუგის ოლქს ასახელებს და აცხადებს, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“. კალუგის ოლქი მოსკოვის ოლქს ესაზღვრება.

დილის ექვსი საათის შემდეგ, მოსკოვის მერმა სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ დედაქალაქისკენ მოძრავი კიდევ ერთი დრონი გაანადგურეს ტვერის ოლქში. რუსეთის ეს ოლქიც მოსკოვის ოლქს ესაზღვრება. ტვერის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ირწმუნება, რომ უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

დრონებით შეტევამ ისევ შეაფერხა მოსკოვის აეროპორტების მუშაობა. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 50-ზე მეტი ავიარეისი.

ბოლო ხანს, რუსეთის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე ხდება უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა.

XS
SM
MD
LG