Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: რუსეთმა აზერბაიჯანს დემარში გამოუცხადა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთმა გააპროტესტა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების მიმართ აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიცია.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობით, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს, რადგან ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია რუსეთის „ახალ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების“ შესახებ, არ შეესაბამება ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს.

ზახაროვას განცხადებით, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უნდა ეპყრობოდეს ისეთივე პატივისცემით, როგორსაც რუსეთისგან ელოდება, როცა საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

8-10 სექტემბერს რუსეთის რეგიონებში ჩატარდა სხვადასხვა დონის არჩევნები. კრემლმა ე.წ. რეგიონული პარლამენტის არჩევნები ჩაატარა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც, რომლებიც საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, თუმცა დღემდე ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა აღიარებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქო ლეგიტიმურად მიიჩნევს მხოლოდ უკრაინის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული პრინციპული პოზიციაა. ბაქოს თანახმად, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილში გამართული „არჩევნები" ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება და იურიდიული ძალა ვერ ექნება.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია არ გამოუხატავს.

XS
SM
MD
LG