Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია "ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში გადაანაწილებს


"ბავშვის განვითარების ინსტიტუტი"
"ბავშვის განვითარების ინსტიტუტი"

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც "ბავშვის განვითარების ინსტიტუტში" იღებდნენ საჭირო სერვისებს, სხვა ცენტრებში გადაანაწილებენ. საუბარია 300-მდე ბავშვზე. ცენტრი განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ კორპუსში, რომელსაც ექსპერტიზამ მძიმე დაზიანებები დაუდგინა.

"გუშინ მივიღეთ წერილი, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას ბავშვების უსაფრთხოება. ისინი, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან", - ამბობს კახა კალაძე.

გუშინ, 13 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ჭავჭავაძის N32-ში მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ არსებობდა საფრთხე, "ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ბენეფიციარები სერვისის გარეშე დარჩენილიყვნენ.

ამონარიდი შპს „მშენ-ექსპერტ +-ის" დასკვნიდან
ამონარიდი შპს „მშენ-ექსპერტ +-ის" დასკვნიდან

"შენობა არ აკმაყოფილებს სეისმდეგი მშენებლობის მოთხოვნებს, ავარიულია", - აღნიშნულია დასკვნაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ქეთი ლაკირბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სივრცეებში ცენტრის ბენეფიციარების გადანაწილების მიზნით. მან დააზუსტა, რომ "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს" სჭირდება სპეციფიკური სივრცეები, მაგალითად, სენსორული და თერაპიის ოთახები, ამიტომაც მუშაობა ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა "ბავშვის განვითარების ინსტიტუტმაც":

"ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში".

XS
SM
MD
LG