საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა „12 პუნქტთან" დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც, მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე შეჯერდნენ. კობახიძემ შენიშნა, რომ ევროკომისიას სექტემბრის ბოლომდე სწორედ ამ მიმართულებებით სურს პროგრესის ხილვა. „საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, - როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბატონ ჟოზეპ ბორელთან, ასევე ევროკომისიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან".
კობახიძის თქმით, ხელისუფლება ოთხი მიმართულებით აპირებს ნაბიჯების გადადგმას:
- „ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისათვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ - ეს იყო პირველი საკითხი. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სრულად ვპასუხობთ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნას.
- ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე. კონსულტაციების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიციირდება და გაეგზავნება ვენეციის კომისიას - ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ასევე სრულად ვპასუხობთ.
- როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში;
- ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა".
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებასაც აპირებს. მან დაამატა: „იყო ოთხი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა ბორელის მხრიდან, კოპმანის [ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი] მხრიდან, ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან და ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება, ყველა თემაზე გვაქვს სათანადო პასუხი".
დამატებითი რეკომენდაციების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა: „ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უახლოეს მომავალში „მანივალის“ [ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (Moneyval)] რეკომენდაციების მიხედვით, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ; ასევე მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი; ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ; გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს იყო ოთხი დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ“. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად.
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა სექტემბრის დასაწყისში, საქართველოში ვიზიტის დროს, თბილისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამ გზაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო და საქართველოს „კიდევ ბევრი სამუშაო“ აქვს.
ევროკომისიის 12 პირობის შესრულების მონიტორინგის ანგარიშში [სტატუსმეტრი], რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ეგიდით არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად აქვეყნებენ, ნათქვამია, რომ სრულად შესრულებულია 1 რეკომენდაცია, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 7, ხოლო კვლავ შესასრულებელია 2 რეკომენდაცია. ანგარიში 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.