საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის“ განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება 20 ოქტომბერს, მინისტრის საათის მსვლელობისას, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობაზე. განცხადების თანახმად, მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი და მასში საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა, თუმცა არცერთი კომპანია არ დასთანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან "პროექტი ქაღალდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეალიზება შეუძლებელია და საფრთხის შემცველი.
საინიციატივო ჯგუფი წერს, რომ გამოდის, საბიუჯეტო თანხა გადახდილია პროექტში, რომლის რეალობად ქცევა შეუძლებელია და ამჟამად, წულუკიანისვე თქმით, "დაწყებულია მისი მოდიფიცირება“ და მინისტრს არც ის დაუკონკრეტებია, ვინ (რომელი კომპანია ან სპეციალისტთა ჯგუფი) აწარმოებს ამ პროცესს.
„ცხადია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იმართება ისევე არაკომპეტენტურად, როგორც იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი, რის შედეგადაც ძეგლს შეუქცევადი ზიანი მიადგა. ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია. სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცემს ინფორმაციას რომელი კომპანია ან პროფესიული ჯგუფები მუშაობენ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე. ისევე, როგორც ეს გელათის შემთხვევაში ხდებოდა“, - წერია განცხადებაში.
საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის“ საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუშვას, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს.
"არარენტაბელური მემკვიდრეობა“ საფრთხეშია! - წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყებოდა და სამუზეუმო სისტემა რეორგანიზაციას საჭიროებდა.