Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება, ამბობს მინისტრი - რას ნიშნავს ეს ამ და სხვა მუზეუმებისთვის 


ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება და სამუზეუმო სისტემა რეორგანიზაციას საჭიროებს.

მინისტრი ამბობს, რომ გასარკვევია, რა დაიკარგა და რა დარჩა მუზეუმის ფონდში, სადაც 140 000-მდე უნიკალური ექსპონატი უნდა იყოს დაცული და გადასაწყვეტია შენობის ბედიც, რომელიც 2017 წლის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაკეტილია დამთვალიერებლისთვის.

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი მდიდარი ფონდით, ისტორიული შენობით და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებით, ბოლო ხანს უფრო არქივ-მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა და მისი საექსპოზიციო პროგრამა მწირი გახდა. 2017 წელს, როცა მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის დაიკეტა, ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლირთქიფანიძე და მაშინდელი კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ამბობდნენ, რომ არსებობდა მუზეუმის რეაბილიტაციის და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობის გეგმა. 2021 წლის 20 აპრილს თეა წულუკიანმა ახლადშექმნილ გუნდს, რომელსაც მუზეუმების რეორგანიზაცია დაავალა, უთხრა რომ მათგან ელოდება ხელოვნების მუზეუმის აღდგენის სამოქმედო გეგმას სამ თვეში.

“ეს მუზეუმი რამდენიმე ათასეული ფერწერული ტილოს სასაფლაო კი არ უნდა იყოს, ნამდვილ თანამედროვე ევროპულ მუზეუმად უნდა ჩამოყალიბდეს“- თქვა თეა წულუკიანმა და წარადგინა ახალი ხედვა და გუნდი, რომელიც მუზეუმების მართვაში ჩაერთვება.

ეს წარწერა უკვე წლებია განთავსებულია ხელოვნების მუზეუმის ვებ-საიტზე.
ეს წარწერა უკვე წლებია განთავსებულია ხელოვნების მუზეუმის ვებ-საიტზე.

დაზიანებული აგრეგატის უმოკლეს დროში შიდა სისტემაში მოძიების და დამონტაჟების ან ყიდვის რეკომენდაცია დავით ლორიფანიძეს თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ მაშინ მისცა, როცა პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში დაინტერესდა ხელოვნების მუზეუმის პრობლემატიკით.

“ცნობილია, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის 1830 წელს აგებული შენობა უკვე მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაშია და მისი ინფრასტრუქტურა საჭიროებს სრულ განახლებას. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ შენობა თავდაპირველად სხვა დანიშნულებით აშენდა და მუზეუმი მასში საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ განთავსდა. ფონდსაცავებში და საგამოფენო სივრცეებში კოლექციებისათვის შეუფერებელი კლიმატური პირობებია.

იგივე პრობლემები, რომელთა წინაშე დღეს დგას ხელოვნების მუზეუმი, იყო მუზეუმის ხელმძღვანელთა ყველა თაობისათვის წუხილის მიზეზი. მუზეუმის არქივმა შემოგვინახა მუზეუმის დირექტორების - შ. ამირანაშვილის, თ. სანიკიძისა და ნ. ლომოურის მიერ სხვადასხვა წლებში მთავრობის მეთაურთათვის მიწერილი არაერთი წერილი მუზეუმში არსებული გაუსაძლისი პირობების გაუმჯობესების თხოვნით. ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა მცდელობა შენობის სამუზეუმო სტანდარტთან მისადაგებისა, კოლექციებისა და პერსონალისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, თუმცა ამ გეგმების განხორციელება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

2016 წელს ეროვნულ მუზეუმს სარგებლობაში გადმოეცა ხელოვნების მუზეუმის მომიჯნავე 3100 კვ.მ. ფართის მქონე შენობა, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია. ახალი შენობის დაგეგმვისას გათვალისწინებულია ხელოვნების მუზეუმის შენობაში მძიმე პირობებში მომუშავე თანამშრომლების გადაყვანა და მუზეუმში დაცული კოლექციების გადატანა უსაფრთხო ადგილას, რაც შესაძლებელს გახდის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის შემდგომ, რომელიც გაათანაბრებს მას მსოფლიო სამუზეუმო სტანდარტთან, შენობაში მოეწყობა საექპსპოზიციო სივრცეები მუზემის კოლექციებისთვის” - ეს რელიზი კულტურის სამინისტრომ 2017 წელს გაავრცელა. მაშინ გარდა მუზეუმის რეაბილიტაციისა, სამუზეუმო რეფორმის ფარგლებში იგეგმებოდა კონსერვაცია-რესტავრაციის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბებაც. ამ ცენტრის გეგმა 2009 წლიდან არსებობს და ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პორექტის ფარგლებშია მომზადებული ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებთან თანამშრომლობით.

რას იცვლება მუზეუმების სისტემაში

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ყალიბდება 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:

  • შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  • სპორტის მუზეუმი;
  • გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  • სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი (რომელიც ასევე მოიცავს ყველა დანარჩენ მუზეუმს).

ეროვნული მუზეუმის მმართველი ორგანო ხდება ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4 კაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე გაუწევს, თუმცა, ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეეძლებათ.

მუზეუმების რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, დამატებით, თეა წულუკიანის ინიციატივით იქმნება სამკაციანი ჯგუფი, რომლებმაც, როგორც მინისტრი ამბობს, ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს იმისთვის, რომ “ხელოვნების მუზეუმი ვაქციოთ ისევ კარგ მუზეუმად”.

სამუზეუმო სისტემაში თეა წულუკიანის ახალი, სამკაციანი გუნდი ასე გამოიყურება:

  • ნიკა ახალბედაშვილი, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს ყოფილი დირექტორი;
  • ნელი კობიაშვილი, ჟურნალისტი და ნიკო ფიროსმანის მკვლევარი, ქართული ოცნების კანდიდატი 2014 წელს თბილისის საკრებულოს არჩევნებში.
  • გია მარსაგიშვილი, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი ბოლო 26 წლის განმავლობაში, 1999 წელს შექმნილი საქართველოს კულტურული საგანძურის დაცვის კომისიის წევრი. ამ კომისიას ევალებოდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეემუშავებინა წინადადებები იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ეროვნული საგანძურის დაცვას, საგამოფენო პოლიტიკის განსაზღვრასა და გამოფენების გატანა-შემოტანის ყველა აუცილებელი საკითხის მოგვარებას.

კულტურის მინისტრი მუზეუმების რეორგანიზაციის პროცესში ჩართვას სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებსაც თხოვს - ვისაც სურვილი გაუჩნდება, თეა წულუკიანის თქმით, შეუძლია სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე მიწეროს სახელმწიფო უწყებას. იგეგმება იუნესკოდან სპეციალისტების ჩამოყვანაც ოქროს ფონდში დაცული ექსპონატების მდგომარეობის შესასწავლად. ასევე კვლევები ხელოვნების მუზეუმის შენობის დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად. საუბრები მუზეუმების სისტემის რეორგანიზაციაზე მინისტრის მხრიდან ამ დროისთის არის მხოლოდ საუბარი ხელოვნების მუზეუმის მომავალზე. როგორი იქნება მაგალითად სპორტის მუზეუმი, რა იგეგმება ეთნოგრაფიულ მუზეუმში ან შეიცვლება თუ არა რაიმე ყველა იმ მუზეუმში, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შემადგენლობაში შედის, ამ დროისთვის ბუნდოვანია.

“დღეს, ჩვენ არ ვიცით და გამოსარკვევია, თუ რა მდგომარეობაშია გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო - ხახულის ღვთისმშობლის სამკარედი ხატი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ანჩის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ზარზმის ღვთისმშობლის ხატი და სხვა, ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობისათვის ეს უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები. ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას იუნესკო-სთან და ივნისამდე ჩვენს ქვეყანას ეწვევა სამი უცხოელი ექსპერტი, ვინც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეაფასებს ამ ხატების მდგომარეობას და გასცემს პასუხს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: შეიძლება თუ არა მათთან შეხება და მათი გადაადგილება ისე, რომ ხატები არ ჩამოიშალოს ან სხვაგვარად არ დაზიანდეს; არის თუ არა კოროზიის პროცესი შორს წასული და თუ არის, როგორი და რა მეთოდით მოპყრობის საშუალება გვეძლევა ამ ხატებთან; პარალელურად, მიმდინარეობს ტენდერი, რომლის შედეგადაც შალვა ამირანაშვილის მუზეუმის შენობის მდგრადობის სიღრმისეული ექსპერტიზა ჩატარდება,“ - თქვა თეა წულუკიანმა მუზეუმების რეორგანიზაციაზე საუბრისას.

რა სჭირდება მუზეუმებს

ის, რომ არამხოლოდ ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს მუზეუმების დიდ ნაწილში ფონდების აღწერის და შეფასების, საექსპოზიციო დარბაზების და პროგრამების განახლების, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, დაბალი ანაზღაურების, ავარიული შენობების და ფინანსური მდგრადობის პრობლემები დგას, ამ სფეროს სპეციალისტებისთვის სიახლე არ არის. მეორე მხრივ, საქართველოს მუზეუმებს დამთვალიერებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე ემატებდა და ექსპერტების აზრით, სწორი მენეჯმენტის, უფრო აქტიური საინფორმაციო და მარკეტინგული კამპანიების და ხშირად განახლებადი ექსპოზიციების და სამუზეუმო შენობებისთვის დამატებითი კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციების მინიჭების შემთხვევაში, არსებობს ამ სფეროს განვითარების შესაძლებლობა. თანამედროვე სამყაროში, განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მუზეუმები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე, ჰქონდეთ დამოუკიდებელი პროექტები და ახერხებდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი დამთვალიერებლის მოზიდვას.

2003-2004 წლებში, როდესაც საქართველოში მუზეუმების რეფორმა დაიწყო, UNESCO-სა და ICOM-ის ექსპერტებთან კონსულტაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მოკვლევებისა და ანალიზის მთელი სერია ჩატარდა. ჯერ კიდევ 17 წლის წინ გამოიკვეთა ის პრობლემები სამუზეუმო სივრცეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე აქტუალურია:

  • მუზეუმთა უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სავალალო მდგომარეობა;
  • არასრულყოფილი და მოუქნელი საკანონმდებლო ბაზა;
  • განუვითარებელი სამუზეუმო მენეჯმენტი;
  • მოუწესრიგებელი სამუზეუმო ფონდების აღრიცხვიანობა;
  • განუვითარებელი სამუზეუმო მარკეტინგისა და სახსრების მოზიდვის სტრატეგია;
  • საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიმწირე, რაც კატასტროფულად ამცირებს მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობას;
  • პრაქტიკულად უგულებელყოფილი სპეციალისტების გადამზადება/მომზადების პროცესი;

“სამუზეუმო ცხოვრების განვითარების ძალიან ნელი ტემპის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეფორმის ფრაგმენტული ხასიათია, კერძოდ, რეფორმის განხორციელებას თანმიმდევრული ხასიათი არასდროს ჰქონია, რადგან პასუხისმგებელი პირების ხშირი ცვლის პირობებში, როგორც წესი, რადიკალურად იცვლებოდა პრიორიტეტებიც. ამასთან, აშკარა პრობლემად იკვეთება უწყებათშორისი კოორდინაცია, რაც განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევია კულტურული ტურიზმის შემთხვევაში” - წერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც მუზეუმების ფინანსურ მდგრადობას და ტურისტულ პოტენციალს იკვლევს.

კულტურის სტარატეგია 2025-ის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მუზეუმების მიმართულებით შემდეგი ღონისძიებების გატარების ვალდებულება აქვს აღებული.

  • მუზეუმების განვითარების მიზნით, პროფესიული ცოდნისა და სამუზეუმო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით და მუზეუმების კადრების გადამზადების პროგრამების შემუშავება (აუდიტორიის განვითარება, უცხოური ენა, პარტნიორებისა და ფონდების მოძიება, სპეციალურ საჭიროებათა მქონე ჯგუფებთან ურთიერთობა, სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგი და სხვ.);
  • მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით ახალი ინიციატივების დანერგვა (მაგ. ღამე მუზეუმში, ღია კარის დღე, მუზეუმი სკოლაში და სხვ.);
  • საქართველოს ერთიანი სამუზეუმო ფონდის დაცვის და შევსების მხარდაჭერა კულტურული ფასეულობების, მათ შორის, ექსპონატების, არტეფაქტების, გადარჩენისა და ქვეყნიდან გადინების თავიდან აცილების მიზნით;
  • მუზეუმების წახალისება ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური მეთოდების, ინტერაქტიული ელექტრონული მომსახურების, მრავალფეროვანი პროგრამული აპლიკაციების განვითარებასა და გამოყენებაში, სხვა მუზეუმებთან, კულტურის სექტორის ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გზით;
  • სამუზეუმო კოლექციების გაციფრულების და შესაბამისი ინტერნეტპლატფორმების საშუალებით ვირტუალური მუზეუმების შექმნა და განვითარება, კვლევის წახალისების, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის, ვიზიტორთა მოზიდვის და საერთაშორისო პოპულარიზაციის მიზნით;
  • მუზეუმის, როგორც საზოგადოებრივი სივრცის, საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულების განვითარების მხარდაჭერა, სხვადასხვა სახის პროგრამების, მათ შორის, საბავშვო თუ მოზარდთა პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის გზით;
  • თემატური მუზეუმების დაარსებისა და განვითარების ხელშეწყობა;
  • მუზეუმების მხარდაჭერა, მაღალი დონის სარესტავრაციო ცენტრების შექმნასა და განვითარებაში;
მუზეუმი - ხსოვნის შენახვა თუ წარსულის სიყვარული?
please wait

No media source currently available

0:00 0:50:27 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG