Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერჩინსკი: შემაშფოთებელია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე განცხადება


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს. ელჩის თქმით, განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია და წარმოადგენს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევას.

ნება მიბოძეთ, ევროკავშირის პოზიცია ხმამაღლა და მკაფიოდ გავიმეორო: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული განცხადება, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა, რომელზედაც ჩვენ, ევროკავშირმა, მოვილაპარაკეთ. ასე რომ, ცხადია, ეს ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან კომენტარში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე კონფერენციამდე. კონფერენცია დემოკრატიის მომავალზე მსჯელობას ეძღვნებოდა და ორგანიზებული იყო აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მიერ.

2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერეს ხელი.
მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით. მას ხშირად და სხვადასხვა დონეზე უწოდებენ სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც. თბილისი კი იმთავითვე ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი სახელწოდებით სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა, ბუნებაში არ არსებობს.
ქართულ მხარეს პრეტენზიები ჰქონდა დოკუმენტის მე-6 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამომავლო სტატუსის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდა. ხელისუფალთა განცხადებით, დოკუმენტიდან ამ მოთხოვნის ამოღება თავად სარკოზის აქტიური ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
საბოლოოდ, რუსეთმა არათუ არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება, არამედ მალე, 2008 წლის 26 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ გუშინ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გამოცემა "იზვესტიისთვის" მიცემული ინტერვიუდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.

2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG