Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინალ არძინბა: „უადგილოა მთიან ყარაბაღსა და აფხაზეთს შორის პარალელები“


ფოტოკოლაჟი: ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
ფოტოკოლაჟი: ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთის "პირველი არხის" ეთერში კომენტარი გააკეთა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ვითარებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, უადგილოა „ყარაბაღსა და აფხაზეთს შორის პარალელები“.

მთიანი ყარაბაღი გაეროს არცერთი წევრისთვის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ ყოფილა. სომხეთსაც არ უღიარებია და არ დაუმყარებია დიპლომატიური ურთიერთობები მთიან ყარაბაღთან მთელი ამ წლების განმავლობაში... მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ უადგილოა პარალელები აფხაზეთის რესპუბლიკასა და მთიან ყარაბაღს შორის - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ (რუსეთთან) გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და მსოფლიოს უდიდესმა სახელმწიფომ, რუსეთის ფედერაციამ, ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი აღიარა. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა არძინბამ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის შემდეგ საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ყარაბაღში სტაბილური სიტუაცია იქნება.

ჩვენ გულისტკივილით ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით იქ მომხდარს. ისინი ჩვენთვის უცხო ხალხი არ არის, ისინი ჩვენთვის ახლობელი ხალხია. ჩვენთან, აფხაზეთში, ბევრი ჩვენი სომეხი ძმა ცხოვრობს და სომხური თემი საკმაოდ დიდია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვურთიერთობთ“, - განაცხადა მან.

22 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ არ გამორიცხა, რომ ლტოლვილთა ნაწილი აფხაზეთისკენ წავიდეს. ამავდროულად, მისი თქმით, ეს „მასობრივი მოვლენა არ იქნება“. მან სომხეთის მოქალაქეებთან მიმართებით მიანიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის „გარკვეულ სავიზო ელემენტებზეც.“

  • 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
  • 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.
  • 5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის არმიის 19 სექტემბრის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტარები განცხადებაში აზერბაიჯანის ქმედებებს გაუმართლებელ და წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ, სომხების მასობრივ წასვლას რეგიონიდან კი ეთნიკურ წმენდას ადარებენ.
  • მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. 34.5 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით.
  • ერევნის მონაცემებით, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა.
  • მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG