Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ააფორიაქა ყარაბაღმა ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი


დევნილი მთიანი ყარაბაღიდან, 23 სექტემბერი
დევნილი მთიანი ყარაბაღიდან, 23 სექტემბერი

მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო, ადგილობრივები ყარაბაღს მაინც ტოვებენ.

26 სექტემბრის დილის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან 13 500 ადამიანი გაიქცა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი 40 ათასი ოჯახის დასაბინავებლადაა მზად.

დევნილები არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან
დევნილები არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მრჩეველი, დავით ბაბაიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სწრაფი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რეგიონს ფაქტობრივად მთელი სომხური მოსახლეობა დატოვებს.

მთიანი ყარაბაღიდან მომავალი დევნილები, 26 სექტემბერი
მთიანი ყარაბაღიდან მომავალი დევნილები, 26 სექტემბერი

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო.

2020 წელს აზერბაიჯანმა იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან, ერევნის მხარდაჭერით, ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.

2023 წლის 20 სექტემბერს კი ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

„რუსეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენთან ომი იყოს“

მთიან ყარაბაღში ერთდღიანი სამხედრო ოპერაცია და შედეგად, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების კაპიტულაცია, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა ყურადღების ცენტრში მოექცა. დე ფაქტო რესპუბლიკაში შეშფოთებითა და თანაგანცდით ადევნებენ თვალს მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობის ბედს.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთიდან წერს, ცხინვალისთვის სტეპანაკერტი მსგავსი ისტორიული წარსულის გამო მის მოკავშირედ ითვლებოდა და დე ფაქტო მმართველებს ტრადიციულად მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ დღეებში დუმილი არჩია. განსაკუთრებით პირველ დღეებში. დე ფაქტო პრეზიდენტიდან დაწყებული, დეპუტატებით დასრულებული, არცერთ ოფიციალურ პირს, მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე სიტყვა არ დაუძრავს, რამაც სოციალურ ქსელებში სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საზოგადოების აღშფოთებაც გამოიწვია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, ბლოგერი სოსლან ჯუსოევი „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ცხინვალს მხარეებისთვის საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოეწოდებინა, თუმცა ოფიციალური პირების დუმილი, მისი შეფასებით, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

ჯუსოევი დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაცია „იმთავითვე რადიკალურად განსხვავებული“ იყო და იქ განვითარებული მოვლენები ცხინვალისთვის პარალელების დასანახად არ გამოდგება.

სოსლან ჯუსოევი
სოსლან ჯუსოევი

„პირდაპირი კავშირების გავლებისგან მე თავს შევიკავებდი, რადგან ასეთი ანალოგები არ არსებობს. გასაგებია, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენები, მისი ლიკვიდაცია და აზერბაიჯანის მიერ შთანთქმა, რეგიონში სიტუაციას ცვლის, ცვლის რეგიონულ განლაგებას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ სამხრეთ ოსეთის წინაშე არსებული დღის წესრიგისა და გეგმების თვალსაზრისით, დიდად არაფერი შეიცვლება. ჩვენ ძველებურად უნდა განვაგრძოთ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, განვავითაროთ ეკონომიკა“.

თითქმის იმავეს ამბობს დე ფაქტო ხელისუფლების აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი, ალან ჯუსოევი. ყარაბაღსა და სამხრეთ ოსეთს შორის პარალელების გავლებას ის უადგილოს უწოდებს:

„ჩვენ გვაღიარეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან არაფერი გვეცვლება. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები, შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში და ეს ფუნდამენტური საკითხებია, რაზეც ჩვენ დღეს ერთად ვდგავართ. იმ ტერიტორიული შესაძლებლობების, ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, რაც სამხრეთ ოსეთს აქვს, ჩვენ უნდა გავხდეთ მაქსიმალურად თვითკმარნი“, - ეუბნება ჯუსოევი „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს.

„ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუებში, ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები მთიან ყარაბაღზე ლაპარაკს იქ მცხოვრები მოქალაქეების ბედზე წუხილით იწყებენ. მათთვის იქ განვითარებულ მოვლენებთან პარალელის გავლება, ლოგიკური და ცხადია:

„გული მეგლიჯება საცოდავი ხალხის გამო. ძალიან მიყვარს სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ამით ადამიანების ტანჯვა დასრულდება, აღარ დაიხოცება ხალხი, მაგრამ ამის დიდად არც მჯერა“, - ამბობს ფენია.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, ჩვენზეც აისახოს და, დიდი ალბათობით, აისახება კიდეც. ხალხი აფორიაქებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ომი არ იქნება. პირველ რიგში, ჩვენ უკვე გვაქვს სახელმწიფოებრიობა და ვეჭვობ, თავს დაგვესხან. ეს უკვე ომი იქნება, ჩვენ აღარ ვართ საქართველოს ნაწილი და ისინი ამის უფლებას თავს არ მისცემენ. რუსეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენთან ომი იყოს“, - ეუბნება ჟურნალისტს ოკუპირებული ცხინვალის მოქალაქე, სახელად ლარისა.

მადინა თვლის, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. შემდეგ კი აზუსტებს: „არა სომხეთს, არამედ ფაშინიანს (სომხეთის პრემიერ-მინისტრი - რ.თ). აი, ახლა ხალხი აღშფოთებულია, მაგრამ თუკი თქვენმა ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა, რომ თქვენი სახელმწიფოს ნაწილი მეორე სახელმწიფოს ხელში გადადის, ომს რაღა აზრი აქვს. რა თქმა უნდა, ცოდოა იქ მცხოვრები მოსახლეობა, არავინ იცის, რა ბედი ელით. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მსგავსი რამ არ განმეორდება ერთი მიზეზით - ჩვენ რუსეთმა არა მხოლოდ გვაღიარა, ჩვენთან მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეები არიან. ანუ, ჩვენ, ფაქტობრივად, რუსეთის ტერიტორია ვართ. ასე რომ, ჩვენთან მსგავსი რამ არ გაუვათ“.

„არანაირ საერთაშორისო შეთანხმებებზე, არანაირ ძმობაზე ნდობა არ ღირს, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვენდოთ“

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის 17% ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა, „არამედ იმიტომ, რომ ბოლო საუკუნეა, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის ისტორიული ბედი მსგავსია“, - წერს „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი, ვიტალი შარია და ამატებს:

„არსებობს თარიღების საინტერესო თანხვედრაც: 1992 წლის 14 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში შეიჭრნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალები, საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა როგორც აფხაზეთის ხელისუფლებამ, ისე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა - რათა წინააღმდეგობა გაეწიათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისთვის. ეს დამთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ბრძოლის თანხვედრას, რომელსაც აფხაზი და ყარაბაღელი „სეპარატისტები“ აწარმოებდნენ თავიანთი მეტროპოლიების წინააღმდეგ“.

ჟურნალისტი წერს იმასაც, რომ 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დროს, აფხაზეთის სომხური სათვისტომო ყარაბაღში აგზავნიდა არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ მოხალისეებსაც, თუმცა მათ ვერ მოასწრეს ომში ჩაბმა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების გამო.

ვიტალი შარია ესაუბრება აფხაზ ბლოგერსა და სამოქალაქო აქტივისტს, თენგიზ ჯოპუას და ეკითხება, როგორ შეიძლება აისახოს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები აფხაზეთზე, რაზეც ის პასუხობს:

თენგიზ ჯოპუა
თენგიზ ჯოპუა

„ერთადერთი რამ მინდა ვთქვა იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება“, - ამბობს ბლოგერი, რომელსაც მიაჩნია, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ძალებს უნდა ენდონ: „არანაირ საერთაშორისო შეთანხმებებზე, არანაირ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, ძმობაზე ნდობა არ ღირს... ეს კავშირები არ არის სამუდამო. ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყოველთვის იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებზე გვქონდეს გათვლა. მით უმეტეს, [არ შეიძლება] ნდობის დამყარება დოკუმენტებზე, ფურცლებზე, მელანზე... როგორი პომპეზურობითაც უნდა იყოს ისინი ხელმოწერილი, ისტორიამ იცის მილიონი მაგალითი, რაც ვერანაირმა ქაღალდმა ვერ შეაჩერა... ეს ფურცელი იმ მომენტამდე არსებობს, სანამ ის შეესაბამება დოკუმენტის ხელმომწერებს შორის უფრო ძლიერის ინტერესებს“.

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა, სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარებით ეხმაურება:

„თანაგიგრძნობთ, ყარაბაღელებო, მთელი გულით. სამართალი არ არის, ასე გადაწყდა, რომ ნავთობი სიცოცხლეზე, მშვიდობასა და ადამიანობაზე უფრო ძლიერია. მაგრამ არსებობს ზეციური სასამართლო, ის მიწიერ სასამართლოზე უფრო საშიშია“;

„ეს მიწები ასეთი მსხვერპლის ფასად დაგიჯდათ, არ გეცოდებიან ადამიანები? გაუმაძღარნო, არ გყოფნით მიწა?! იქ სომხები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ“;

„ყველაფერი აქეთ მიდიოდა, არ არის გასაკვირი... სამწუხაროა, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა... ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მშვიდობა და სიცოცხლე სურთ“...

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთიან ყარაბაღზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00

19 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები“. მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ნაღმი დადებული იყო „ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“.

ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.

19 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში არ არის ჩართული. მან თქვა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთს არმია არ ჰყავს.

19 სექტემბერსვე, საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ბაქოს ამერიკამ და ევროკავშირმა. იმ დღის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაღუპული იყო 27 ადამიანი და დაშავებული 139.

მიტინგი ერევანში, 19 სექტემბერი
მიტინგი ერევანში, 19 სექტემბერი

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს გამოსვლები მოჰყვა ერევანში. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების შეტაკებისას დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის - პოლიციის 16 თანამშრომელი. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა დააკავეს საპროტესტო აქციების რამდენიმე ათეული მონაწილე.

20 სექტემბერს, თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო დამცველის, გეგამ სტეპანიანის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპული იყო 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 2 ბავშვი და 20-ზე მეტი სამხედრო პირი.

20 სექტემბერსვე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ პირობებად დაასახელა ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრა, საბრძოლო პოზიციების დატოვება, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლა. ასევე - ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნიკის ჩაბარება.

23 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, აზერბაიჯანმა მიანიშნა გამარჯვებაზე მთიან ყარაბაღში, სომხეთმა კი საერთაშორისო დახმარება ითხოვა რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG