Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღამის ხედვა“: რას გვასწავლიან ჩვენი ბნელი განწყობები ადამიანად ყოფნის შესახებ


სალომე ასათიანის პოდკასტი

„გამარჯობა. მე ვარ მასწავლებელი, ფილოსოფოსი, დედა და შემთხვევითი აქტივისტი. თუმცა, სუპერგმირად ყოფნა რომ შემეძლოს, ჩემს მოსასხამზე ეწერებოდა სიტყვები: ‘ბნელი განწყობების დამცველი’“ - ასე წარადგენს ამ ეპიზოდის სტუმარი, მარიანა ალესანდრი საკუთარ თავს მის ვებსაიტზე, და განაგრძობს: „სანამ ცოცხალი ვარ სამყაროში, რომელშიც ადამიანები ბოდიშებს იხდიან საჯაროდ ტირილისთვის, მე სულ დავწერ წიგნებსა და ესეებს ადამიანის ყველა ემოციის დასაცავად“.

და მარიანა ალესანდრი სწორედ ამას აკეთებს თავისი წიგნით, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაბეჭდა პრინსტონის უნივერსიტეტის ავტორიტეტიანმა გამომცემლობამ, სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“. ეს წიგნი ეძღვნება ჩვენს მუქ, ბნელ, მძიმე ემოციებს - სევდას, შფოთვას, ბრაზს, გლოვას, დეპრესიას; მაგრამ ეძღვნება უცნაურად გაბედული და ორიგინალური მიმართებით. ის არ გვასწავლის როგორ უნდა გადავლახოთ, დავამარცხოთ, ან რაციონალურად ვმართოთ ეს ემოციები, და არც მეორე უკიდურესობაში ვარდება, დეპრესიის და სევდის რომანტიზაციის გზით. მთავარი კითხვები, რომლებსაც ეს საოცარი წიგნი სვამს, საერთოდ სხვა შინაარსისაა - როცა ემოციურ სიბნელეში აღმოვჩნდებით, რა მოხდება, თუკი არ შევეცდებით ამ სიბნელის სინათლით განდევნას? იქნებ შემეცნება სიბნელეშიც შესაძლებელია, იქნებ სიმართლე, სიკეთე და სილამაზე არა მხოლოდ სინათლეში, არამედ სიბნელეშიც ბინადრობს? იქნებ ეს უსიამოვნო განწყობები და ემოციები, რომელთა ამოძირკვასაც თერაპიით, ან აბებით ვცდილობთ, ჩვენი მასწავლებლები უფრო არიან, ვიდრე დემონები? იქნებ ის, რომ საუკუნეების განმავლობაში სინათლეს ველტვოდით და სიბნელის გვეშინოდა, შეცდომა იყო?

სიბნელის მიმართ შიშს და სინათლის, როგორც სიკეთისა თუ შემეცნების მეტაფორას, მარიანა ალესანდრი მასშტაბური ტრაექტორიით იკვლევს. ის იწყებს ძველი ბერძენი და რომაელი მოაზროვნეების ნააზრევით - რომელშიც ბნელი განწყობები, მაგალითად სიბრაზე, ნაღველი და გლოვა ხშირად ირაციონალური ემოციებია და მართვას, თუ განდევნას საჭიროებს - და, ამავე დროს, დიდ სივრცეს უთმობს ჩვენი დღევანდელობის კლიმატში მომძლავრებულ პოზიტიურ ფსიქოლოგიას თუ ე.წ. „თვითდახმარების ჟანრს“, თავისი წიგნებით, გურუებით, „ქოუჩებითა“ თუ „ინფლუენსერებით“. აი იმ ჟანრს, რომელიც ნათელ მომავალს გვპირდება, საკუთარ თავს თუ შევიყვარებთ, ბნელ ემოციებს თუ გავუმკლავდებით, „ტოქსიკურ“ ადამიანებს თუ ამოვიცნობთ და განვდევნით, ან კარიერაში თუ დავისახავთ მკაფიო მიზნებს. „ბნელ განწყობებს უჭირთ თანაგრძნობის მოპოვება სამყაროში, სადაც ყველაფერი პოზიტიურობისკენ და ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდებს - ტელევიზორი, ინსტაგრამი, პოდკასტები, ‘სელფ-ჰელპის’ წიგნები, მაისურები, ბალიშისპირები, ყავის ფინჯნები. და რომელიც მუდმივად მოგვიწოდებს - ‘გამოანათე!’ ‘გახადე შენი დღე ნათელი!“ „აირჩიე ბედნიერება!“ „არავითარი ცუდი დღეები!“ - წერს ალესანდრი. „და ჩვენც ვცდილობთ როგორმე მოვერგოთ ამ მზით გადანათებულ სამყაროს. საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ სხვა ადამიანები ჩვენზე გაცილებით უფრო ცუდ დღეში არიან - რითიც, როგორც წესი, ჩვენს ტკივილს დანაშაულის განცდას ვუმატებთ; ვამბობთ, რომ პრივილეგირებული, ‘პირველი მსოფლიოს’ პრობლემები გვაწუხებს - და კიდევ სხვა განცდას, სირცხვილს წამოვიკიდებთ ხოლმე“.

არადა ყველა ჩვენგანში ბინადრობს ემოციური სინათლეც და სიბნელეც, სიხარულიც და ნაღველიც, სიმშვიდეც და შფოთვაც - ცხადია, სხვადასხვა კომბინაციითა თუ ინტენსივობით. და ჩვენი სტუმრის წიგნის მთავარი სათქმელიც ის არის, რომ ყოველი კომბინაცია, ჩვენი ყველა ემოცია ღირებული, ღირსეული და მნიშვნელოვანია - ისინიც, რომლებიც მძიმე ასატანი და მტანჯველია ხოლმე. ახლობელ, საყვარელ ადამიანებთან ყველაზე სიღრმისეულ ემოციურ კავშირს სევდის, ნაღველის, ემოციური ტკივილის მდგომარეობის გაზიარება გვიქმნის - იმ სიღრმისეულად ადამიანური განცდების, რომლებსაც ჩვენი სტუმარი, როგორც ორენოვანი ფილოსოფოსი, ტკივილის აღმნიშვნელ ესპანურ სიტყვა "დოლორს" მიუსადაგებს თავის წიგნში; შფოთვა, შესაძლოა, ღირებულ და თან ცვლილების გამოწვევის პოტენციალის მომცველ ინფორმაციას ატარებდეს ადამიანის არჩევანის, თავისუფლების, მოკვდავობის, ცეცხლით, ომებითა თუ ტკივილით მოცული სამყაროს სიმყიფის შესახებ. სიბრაზე კი ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს რეაქცია სტრუქტურულ უსამართლობაზე, სისტემურ ჩაგვრაზე - და მისი ავტომატური განდევნით, ჩახშობით, ან ირაციონალურ ემოციად გამოცხადებით ამ უსამართლობასაც ავარიდებთ თვალს.

მარიანა ალესანდრი
მარიანა ალესანდრი

თავად ალესანდრი საკუთარ თავს ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად მიიჩნევს, და თავის წიგნშიც სწორედ ეგზისტენციის, არსებობის ფილოსოფიასთან სხვადასხვა მიმართების მქონე მოაზროვნეების იდეებსა თუ ბიოგრაფიებს გამოიხმობს. ჩვენი სტუმრის წიგნში, მათ შორის, ვხვდებით მიგელ დე უნამუნოს, სიორენ კირკეგორს, ოდრი ლორდს, მარია ლუგონესს, კლაივ სტეპლზ ლუისს, გლორია ანზალდუას. მოაზროვნეებს, რომლებიც თავიანთ სიბრაზეს, სევდას, დეპრესიას, თუ შფოთვას მყარად და უშიშრად უსწორებდნენ თვალს, და თანდათან ამ ემოციურ სიბნელეშიც შეეძლოთ ხედვა. ამ მოაზროვნეების გამოცდილება, ამბობს ჩვენი სტუმარი, ჩვენც შეიძლება დაგვეხმაროს „ღამის ხედვის“ განვითარებაში, და იმის აღქმაში, რომ ბნელი ემოციებით მოცულად ყოფნა ჩვენს ნაკლოვანებას, ან გატეხილობას კი არ ნიშნავს, არამედ ეს განწყობები ბევრ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG