Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის არმიამ გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ტიპის რაკეტები


აშშ-ის ATACMS-ის სისტემის მიერ რაკეტის გასროლის მომენტი
აშშ-ის ATACMS-ის სისტემის მიერ რაკეტის გასროლის მომენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ოქტომბერს, საღამოს დაადასტურა, რომ უკრაინის არმიამ ATACMS-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა.

"დღეს ჩვენ განსაკუთრებულად მადლობელი ვართ შეერთებული შტატებისა. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან სრულდება. ისინი ძალიან ზუსტად ხორციელდება, ATACMS-ის რაკეტებმა თავი გამოიჩინეს", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე.

Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის არმიამ შორი რადიუსის ATACMS-ის ტიპის რაკეტები რუსეთის ჯარის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა 17 ოქტომბერს. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ-მა ცოტა ხნის წინ ფარულად გაუგზავნა კიევს მცირე პარტია რაკეტებისა, რომელთა მოქმედების რადიუსი 160 კილომეტრია.

ამ ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.

Wall Street Journal-ი წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე 17 ოქტომბერს ლუგანსკსა და ბერდიანსკში, რუსული ჯარების კონტროლქვეშ მყოფ აეროდრომზე, მაგრამ არ აზუსტებს, თუ რომელ ობიექტებს მოხვდა ისინი.

"სიენენი" იმოწმებს აშშ-ის ორ მოხელეს, რომელთა თანახმად, აშშ-მა უკრაინას ფარულად მიაწოდა ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რაც უკრაინას აძლევს მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს, დარტყმა მიაყენოს სამიზნეებს, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო.

რუსი და უკრაინელი ომის ბლოგერები აქვეყნებენ ბერდიანსკში ჩამოვარდნილი, სავარაუდოდ, ხსენებული რაკეტის ნამსხვრევების ფოტოებს. სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის რუსული ტელეგრამის არხი წერს, რომ რაკეტას აქვს კასეტური ქობინი, ხოლო თავად ჭურვები წარმოებულია 1996-1997 წლებში.

უკრაინისთვის ATACMS-ის ბოლო საიდუმლო მიწოდების შესახებ ასევე ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს Politico-ს.

კიევი ვაშინგტონს შარშანდლიდან სთხოვს ATACMS-ის რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრამდეა. ასეთი რაკეტების მიწოდება ნიშნავს, რომ დარტყმის პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს რუსული ობიექტები უკრაინის თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.

ამერიკის მედია სექტემბერში შეერთებულ შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე წერდა, რომ აშშ მზადაა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს მცირე რაოდენობის რაკეტები. ვაშინგტონში არ იყო ერთიანობა ამ რაკეტების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათი რიცხვი არც ისე ბევრია აშშ-ს არსენალში. გარდა ამისა, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი შიშობს, რომ ATACMS-ის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა.

XS
SM
MD
LG