Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ნეთანიაჰუს დაუდასტურა ისრაელისადმი სრული მხარდაჭერა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თელ-ავივი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თელ-ავივი, 2023 წლის 18 ოქტომბერი

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ისევ დაჰპირდა ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას. თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების დაწყებამდე ბაიდენმა თქვა, რომ სურდა ისრაელში პირადად ჩასულიყო, რათა ისრაელის ხალხმა და მთელმა მსოფლიომ იცოდეს აშშ-ის პოზიცია.

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და დაადასტურა, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ისიც განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს, რომელსაც ამ დაჯგუფებამ ბევრი ტანჯვა მოუტანა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მწუხარება და აღშფოთება გამოხატა ღაზის ჰოსპიტალში 17 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების გამო. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ისრაელს არ გაუკეთებია.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთელი ხალხის სახელით აშშ-ის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნამდვილი მეგობარი უწოდა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ისევე, როგორც თავის დროზე გაერთიანდა ნაცისტების და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი თელ-ავივში ჩავიდა ისრაელის მიერ პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასისთვის“ გამოცხადებული ომის დროს, რომელიც მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ ჯო ბაიდენი შეხვდება ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებს და პრეზიდენტს.

ვიზიტის წინ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ისრაელის მთავრობასთან განიხილავს ქვეყნის საჭიროებებს და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების და ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხებს. კირბის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი, როგორც ისრაელის ნამდვილი მეგობარი, დასვამს ზოგიერთ მკაცრ კითხვასაც. ჯონ კირბიმ მათი შინაარსი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ შეკითხვები ეხება ისრაელის შემდგომ გეგმებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელიდან უნდა გამგზავრებულიყო იორდანიაში, სადაც დაგეგმილი იყო მისი და რამდენიმე არაბული ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა, თუმცა იორდანიამ სამიტი გააუქმა ღაზის სექტორის საავადმყოფოში 17 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების გამო. პალესტინური მხარის ცნობით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.

პალესტინელები საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელის არმიას ადანაშაულებენ. ისრაელი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ საავადმყოფოს მოხვდა ღაზის სექტორში მოქმედი რადიკალური დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის" მიერ ნასროლი რაკეტა.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს შეთანხმება ეგვიპტის მხრიდან ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
XS
SM
MD
LG