Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის უფროსი: გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ჭკვიანად უნდა ვიყოთ


გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან რეგიონში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე ილაპარაკა. მისი თქმით, თუ უშუალოდ ქვეყანა დადგება ამ საფრთხის წინაშე, თავშესაფრები არ უშველის, ამიტომ "ჭკვიანად უნდა ვიყოთ".

"მოგახსენებთ, რომ არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ... ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი და პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, თუ რეგიონში ვინმე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

"ჯანდაცვის სამინისტროს გაწერილი აქვს მედიკამენტები, მისი გადანაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, მათ შორის თავშესაფრების გამოყოფა, თუმცა თავშესაფრები აქტუალური ხდება მაშინ, თუ პირდაპირი დარტყმა ხდება. მაგ შემთხვევაში თავშესაფარი არ გვიშველის", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

18 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დაამტკიცა კანონპროექტი CTBT-ის (ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების) რატიფიკაციის გაუქმების შესახებ. კანონმდებლებმა კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად მიიღეს - მას ყველა, 415 დეპუტატი, მიემხრო.

ინიციატივა, რომელიც დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე გაჩნდა, ამ თვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა. მან განაცხადა, რომ ეს იქნება აშშ-ის პოზიციის „ანარეკლი“.

აშშ იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 1996 წლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ არასოდეს მოუხდენიათ რატიფიცირება.

XS
SM
MD
LG