Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს, 6 ნოემბერს თურქეთში ჩავიდა. ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკების დაწყებამდე ბლინკენს კომენტარი არ გაუკეთებია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენი ხაზს გაუსვამს ისრაელის და ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის და კონფლიქტის გაფართოების აღკვეთის აუცილებლობას.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, 5 ნოემბერს, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რიზეს პროვინციაში გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი ვალია „პალესტინელები დაიხსნან ისრაელის ჩაგვრისგან და შეაჩერონ მასობრივი მკვლელობა ღაზის სექტორში“.

ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს, თურქეთმა კონსულტაციისთვის ისრაელიდან ელჩი გაიწვია და მიზეზად დაასახელა „ჰუმანიტარული ტრაგედია" ღაზის სექტორში. ოქტომბრის ბოლოს, იგივე გააკეთა ისრაელმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ ისრაელი ომის დამნაშავედ უნდა აღიარონ.

4 ნოემბერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა იორდანიაში, სადაც ამ და კიდევ რამდენიმე არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ისინი მოითხოვენ ღაზის სექტორში ცეცხლის სრულ შეწყვეტას და არა ჰუმანიტარულ პაუზას, რომელსაც ვაშინგტონი ემხრობა. 5 ნოემბერს, ბლინკენი ერაყში შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალ-სუდანის.

მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის მთავრობასთან და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეხვდა პალესტინელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასს. ამ ადმინისტრაციის მეტოქეა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი", რომლის წინააღმდეგ ისრაელი თითქმის ერთი თვეა ომს აწარმოებს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3900-მდე ბავშვი.
  • ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG