Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვა: რეფერენტული ფასი ჯამში 5000-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაფართოვდა იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს. უწყების ცნობითვე, ფასის ზედა ზღვარი ჯამში 5000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული, მათ შორის იმ წამლებზე, რომლებზეც, მათივე მტკიცებით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული.

რეფერენტული ფასები ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.

სამინისტროს ცნობით, იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი იმოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ისეთ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებიც აქტიურ მიმოქცევაშია ფარმაცევტულ ბაზარზე.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

რეფერენტულ ფასებზე განცხადება და წამლების ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ, 19 დეკემბერს, გაავრცელა. უწყება აცხადებდა, რომ ის მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი დაწესებული არ იყო, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

მათივე მტკიცებით, ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა აჩენს "საფუძვლიან ეჭვს", რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას:

"მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება".

ამ განცხადების პასუხად კომპანია "პსპ-ში" ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, "რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა". კომპანიიის თანახმად, სამინისტროს წვდომა აქვს ელექტრონულ სისტემაზე, რაც საშუალებას აძლევს, გააკონტროლოს ყველა ტრანზაქცია, მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე.

"[ჯანდაცვის სამინისტრო] მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თავისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდ ფარმაცევტული ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება", - აცხადებენ "პსპ-ში".

"პსპ-ს" მიერ გამოქვეყნებული მედიკამენტების სია, მათი შესასყიდი და გასაყიდი ფასებით.
"პსპ-ს" მიერ გამოქვეყნებული მედიკამენტების სია, მათი შესასყიდი და გასაყიდი ფასებით.

მთავრობამ წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება 2022 წლის 9 ნოემბერს მიიღო. მისი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. უწყებამ ფასების დადგენა 2023 წლის 15 იანვრიდან დაიწყო.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG