Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში


ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. 2018 წლის 24 სექტემბერი
ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. 2018 წლის 24 სექტემბერი

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ნიუ-ჰემპშირის შტატში 23 იანვარს ჩატარებულ პირველად არჩევნებში(პრაიმერი). ეს ერთ-ერთი ეტაპია რესპუბლიკური პარტიის მიერ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად.

დონალდ ტრამპის კონკურენტია ნიკი ჰეილი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში იყო გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი.

წინასწარი მონაცემებით, ტრამპს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 54%-ზე მეტმა, ხოლო ჰეილის 43%-ზე მეტმა. შედეგების მიხედვით ნაწილდება დელეგატების ხმები. რესპუბლიკელებს ნიუ-ჰემპშირში 22 დელეგატი ჰყავთ. ტელეკომპანია CBS-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპს სულ მცირე 11 ხმა აქვს, ხოლო ჰეილის - 8. ტელეკომპანია CNN-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპს 12 დელეგატი მიემხრო, ჰეილის კი - 9. დონალდ ტრამპის გამარჯვებას ადასტურებს კვლევითი ცენტრის, Edison Research-ის მონაცემებიც.

ნიკი ჰეილიმ მარცხი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლას განაგრძობს და წინ არის პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში, მის მშობლიურ შტატში, რომლის გუბერნატორიც ორჯერ იყო 2011-2017 წლებში. სამხრეთ კაროლინაში პირველადი არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე - ე.წ. კოკუსში, რომელიც რესპუბლიკელებმა 15 იანვარს აიოვაში ჩაატარეს. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი.

21 იანვარს დესანტისმა გამოაცხადა, რომ წყვეტს პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლას და მხარს ტრამპს უჭერს.

რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს 15 ივლისს დაგეგმილ ყრილობაზე. პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება

აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

  • მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
  • 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
  • 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
  • 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
  • 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში კენჭს იყრის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენიც.
XS
SM
MD
LG