Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ДДТ-ს ლიდერმა იური შევჩუკმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ნადეჟდინს


ფოტო არქივიდან. იური შევჩუკი
ფოტო არქივიდან. იური შევჩუკი

ცნობილი რუსული როკ-ჯგუფის, ДДТ-ს ლიდერმა იური შევჩუკმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ომს საჯაროდ ეწინააღმდეგება, მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინს.

ნადეჟდინი კანდიდატებს შორის ერთადერთია, რომელსაც ომის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს. სოციალური ქსელებით 25 იანვარს გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში, რომელიც ნადეჟდინმა თავის ფეისბუკგვერდზეც გამოაქვეყნა, იური შევჩუკი ამბობს, რომ მშვიდობის მომხრეა და ამიტომ, ბევრის მსგავსად, ხმას აძლევს ბორის ნადეჟდინს.

ნადეჟდინის კანდიდატურის მხარდამჭერთა ხელმოწერები რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 იანვრამდე უნდა წარუდგინონ. ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებშიც. ბოლო დღეებში რუსეთის და სხვა ქვეყნების არაერთ ქალაქში ნადეჟდინის მხარდასაჭერად გახსნილ პუნქტებთან ხელმოწერის მსურველთა რიგები იდგა.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, 25 იანვარს ბორის ნადეჟდინის მხარდასაჭერად ხელი მოაწერა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულიამ. ნადეჟდინს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთიდან დევნილმა არაერთმა ოპოზიციონერმა, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის ბორის ნადეჟდინმა საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს 100 000 მხარდამჭერის ხელმოწერა. ნადეჟდინის საიტზე 23 იანვარს გამოქვეყნდა ცნობა, რომ 100 000 ხელმოწერა უკვე აქვთ, თუმცა ბორის ნადეჟდინმა მომხრეებს პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩააბარონ საკმარისი რაოდენობით „იდეალური ხელმოწერა“. 25 იანვარს საიტი იუწყებოდა, რომ 158 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ქვეყნის სულ მცირე 40 რეგიონის მცხოვრებთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა ნადეჟდინის გუნდმა ამ მოთხოვნის შესრულება. 24 იანვარს ნადეჟდინმა DW-ს უთხრა, რომ ხელმოწერები არ შეუგროვებია უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.

რუსული ტელეგრამარხი „Можем объяснить“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ურჩია, ბორის ნადეჟდინის კანდიდატურა არ დაარეგისტრიროს. რამდენიმე ხნის წინ, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნადეჟდინს პუტინის კონკურენტად არ მიიჩნევენ.

ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“. ნადეჟდინი მესამე მოწვევის დუმის დეპუტატი იყო „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“. ამ პარტიის თანათავმჯდომარე, ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოსკოვში მოკლეს.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

  • რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
  • პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
  • 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
  • ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი - 2018 წელს.
  • 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.
XS
SM
MD
LG