Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ჩამოაყალიბოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბებას. ამასთან, ზურაბიშვილმა ოპოზიციას ერთმანეთთან დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდა.

„მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა. დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა", - მიმართა ოპოზიციას ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთო მიზანი არის ევროპული მომავალი, რომლის მისაღწევად, მისი აზრით, საჭიროა მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. ამიტომ, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით: „შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. ის მზად არის პლატფორმის ჩამოყალიბებაში საკუთარი პასუხისმგებლობის ასაღებად და აპირებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელშიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით ზურაბიშვილი აპირებს პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევას. „მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის მიმართვის ადრესატები აგრეთვე იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, დიასპორაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ახალგაზრდები. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ უცხოეთში თუნდაც არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეს არ შეიცავს.

„მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არანაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტში სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG