Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NY Times-ი ჩრდილოეთ კორეის მიერ ცხინვალის ბანკში ანგარიშის გახსნაზე წერს


ფოტო არქივიდან: რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შეხვედრაზე
ფოტო არქივიდან: რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შეხვედრაზე

რუსეთმა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა ჩრდილოეთ კორეას. ამასთან, განბლოკა გაეროს მიერ სანქცირებული ჩრდილოეთკორეული აქტივების ნაწილი. ინფორმაციას აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დაზვერვის სამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით The New York Times-ი ავრცელებს.

განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება მისცა, რუსულ ბანკებში გაყინული დაახლოებით 30 მილიონი დოლარიდან ცხრა მილიონი დოლარი განებლოკა. ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთი კორეა ამ თანხით ნავთობს შეიძენს. გარდა ამისა, წყაროების თანახმად, მოსკოვმა ნება დართო ფხენიანს, გაეხსნა საბანკო ანგარიში რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში.

„დელიკატურ სადაზვერვო ინფორმაციაზე ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალური პირების თქმით, ახალი საბანკო ანგარიში გაიხსნა სამხრეთ ოსეთში, თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში კავკასიის რეგიონში, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან“, - ნათქვამია სტატიაში.

სავარაუდოდ, საუბარია 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკზე“(MRB Bank), რომელზეც გავრცელდა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები.

„საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკმა“ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ცხინვალის ბანკის მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას.

"ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან, სტალინის ქუჩიდან, სადაც „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკის“ ოფისია განთავსებული. მისი მეშვეობით ცხინვალში რეგისტრირებულმა 146-მა შპს-მ ხელი შეუწყო რუსეთის ვაჭრობას ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ ჯგუფებთან.

  • 2023 წლის ოქტომბერში თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს იარაღის პარტია მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა საბრძოლო მასალის გადაზიდვას ჩრდილოეთ კორეის საწყობიდან. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, იარაღით დატვირთული გემი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარე საწყობში გაიგზავნა. ვაშინგტონის ცნობით, მიწოდება 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა.
  • სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ სამ თვეში მილიონი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა რუსეთში.
  • იანვარში კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ახლახან მიაწოდა რუსეთს ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და ბალისტიკური რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა რაკეტები 30 დეკემბერს და 2 იანვარს მასირებული დარტყმების დროს გამოიყენა.
  • გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა ქვეყანამ რუსეთი ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ემბარგოს დარღვევაში დაადანაშაულა.
  • 2022 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზე რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს აშშ-ის წინადადებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, ბალისტიკური რაკეტების გაშვების განახლების გამო.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წელს განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი „ინარჩუნებს თავის პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოში“, ანუ მხარს უჭერს გარკვეული სანქციების მოქმედებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. პესკოვის თქმით, ეს დაბრკოლებად არ უნდა იქცეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებაში.

XS
SM
MD
LG