გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ უკვე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მიხეილ დოიჯაშვილს, რამაზ გოგიძესა და ზურაბ ვაშაგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ თავდაცვის ძალების რიგები მას შემდეგ დატოვეს, რაც პირველი ქვეითი ბრიგადის კაპრალი, ირაკლი აფრიამაშვილი, სოფელ ახალშენის მახლობლად ჩამომხრჩვალი იპოვეს.
დოიჯაშვილს, გოგიძესა და ვაშაგაშვილს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ ბრალად. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოგა კუპრეიშვილმა, საქმეში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამო სხდომა დახურა. დარბაზი დატოვეს როგორც მედიის წარმომადგენლებმა, ასევე ბრალდებულების ნათესავებმა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. სხდომა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დოიჯაშვილი, გოგიძე და ვაშაგაშვილი ბრალს არ აღიარებენ, ამის შესახებ მათმა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ განაცხადა.
დაცვის პოზიცია
„ჩვენ ვითხოვდით, რომ არ შეფარდებოდათ არცერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება, თუმცა ალტერნატივის სახით მოვითხოვეთ გირაო, თითოეულ მათგანზე 2000 ლარის ოდენობით. თუმცა, სასამართლომ ასე მიიჩნია საჭიროდ. საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ბრალდება მათ ედავება, რომ მუქარის და არაადამიანური მოპყრობის გამო აფრიამაშვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. რეალურად ამბავი სხვანაირადაა. გარდაცვლილს სიცოცხლეშივე ჰქონდა ნათქვამი, რომ თუ მისი სასიყვარულო მიმოწერა ერთ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავია, გახმაურდებოდა, ის აუცილებლად თავს მოიკლავდა. ესე იგი ამ ადამიანმა თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ვინმემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ იმიტომ მოიკლა თავი, რომ საქციელი, რომელიც არც მას მიაჩნდა სწორად, უბრალოდ გამჟღავნდა და ვფიქრობ, თავისი მაღალი თავმოყვარეობის გამო გადაწყვიტა ის, რაც მოიმოქმედა. მოსამართლის მიერ გადმოცემული დასაბუთებული გადაწყვეტილების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი გასაჩივრების თაობაზე“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, როცა გაარკვია, რომ აფრიამაშვილს მეგობრის ცოლთან მიმოწერა ჰქონდა, „მხოლოდ ერთხელ შემოარტყა, რის შემდეგადაც ის სახლიდან გაიქცა“.
ბრალდების არგუმენტები
ირაკლი აფრიამაშვილის საქმის პროკურორის მიხეილ ბერიაშვილის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„საქმეში არის არაერთი მტკიცებულება. ეს არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ვიდეომასალა, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ უთითებს სამივე ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას“.
გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობას და სიუციდის ინსცენირებაში ბრალდებულებს ადანაშაულებს. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში წარმოქმნილი ყველა ვერსია გადამოწმდება.
„თუ სხვა პირების მიმართ მტკიცებულებებით გამოიკვეთება ბრალეულობა, გამოძიების მიერ სამართლებრივი შეფასება მიეცემა. არაერთი ექსპერტიზაა დანიშნული და მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და კანონით დადგენილ ვადაში პასუხი იქნება და ამ დასკვნის სამართლებრივი შეფასება მოხდება“, - განაცხადა ბერიაშვილმა.
აფრიამაშვილების ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს. მერაბ ცუხიშვილის ვარაუდით, დაპირისპირება სამხედროებს შორის სამსახურში დაიწყო, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე საქმეში არ დევს ვიდეოთვალის ჩანაწერები.
„ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა პროკურორი მოეთხოვა სასამართლოს განჩინება და დაეკავებინათ ეს პირები. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რატომ აკეთებდნენ ამას. სანამ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი არ დავუწერე პროკურორს, მანამდე არ აკავებდნენ და მიზეზსაც ვერ უთითებდნენ, რატომ.
ჩემი ვარაუდით, სამხედრო ბრიგადის ტერიტორიაზე დაიწყო ფიზიკური ანგარიშსწორება და გარკვეულწილად, ამ ფაქტის გამჟღავნება არ აწყობდათ. ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტი გამოვლინდა გამოკითხვის დროს.
სამი პირიდან ორი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ირაკლისთან, შეესწრო ამ ამბავს და რაღაც მომენტში გააშველა კიდეც, თუმცა თავად ეს პიროვნება გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგონია. ბევრი რამ იმალება კიდევ.
ის კი არა და, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი არ ჰქონდა არავის მინიჭებული. ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, ორი მოქმედი იყო და განცხადებები დააწერინეს გათავისუფლებაზე. კი, სამივე სამხედრო პირია“, - აღნიშნავს მერაბ ცუხიშვილი.
ადვოკატის თქმით, აფრიამაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ასევე საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა.
გარდაცვლილი სამხედროს დედას ნაზი ტატალაშვილს სიმართლის დადგენის მოლოდინი აქვს.
„თავის გამართლებას ადგილი არ ჰქონდეს, მე მაქვს იმედი, რომ ყველაფერი გაირკვევა და უკლებლივ ყველა დამნაშავე დაისჯება. ირაკლის მკვლელებს არ უნდა შერჩეთ ეს სადისტური მკვლელობა. აწამოს, მოკლას და მერე ხეზე ჩამოკიდოს და მერე დაბრალდეს ის, რომ მეგობრის ცოლთან ჰქონდეს სასიყვარულო ურთიერთობა. სასაცილოა, უსუსური ბრალდებები. ნორმალური რამე მაინც მოიგონონ. მოვითხოვ, რომ გამოძიებამ გამოავლინოს ყველა დამნაშავე სამის გარდა“, - აცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა.
გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობამდე კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილს, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა ჯგუფურად სასტიკად სცემეს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს“, - ეს განცხადება თავდაცვის სამინისტრომ დაკარგული სამხედროს ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 12 იანვარს გაავრცელა.
ირაკლი აფრიამაშვილი, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან იყო, დაახლოებით 2 წლის წინ გადავიდა ქვეითთა პირველ ბრიგადაში. გორშივე იყიდა სამოთახიანი ბინა და სოფელ ახალშენში სახლი, მიწის ნაკვეთით. მას 20-წლიანი სამხედრო სტაჟი ჰქონდა.