Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: ირანმა დაიწყო რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება


საილუსტრაციო ფოტო. ირანული რაკეტა Fateh-110
საილუსტრაციო ფოტო. ირანული რაკეტა Fateh-110

ირანმა დაიწყო რუსეთისთვის ასეულობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საუბარია Fateh-110-ის ჯგუფის რაკეტებზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდეა.

სააგენტოს ირანული წყაროების ცნობით, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა გასული წლის ბოლოს მიაღწიეს მოსკოვსა და თეირანში გამართულ შეხვედრებზე. პირველ ეტაპზე ირანმა რუსეთს უნდა გადასცეს 400-მდე რაკეტა.

Reuters-ის ერთ-ერთი ირანული წყაროს თანახმად, იანვრიდან რუსეთში რაკეტები სულ მცირე ოთხჯერ გაიგზავნა. ტრანსპორტირება განხორციელდა როგორც კასპიის ზღვით, ისე საჰაერო გზით. კიდევ ერთი ირანული წყაროს თანახმად, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გაიზრდება და თეირანს ამ ფაქტის დამალვის მიზეზი არ აქვს, რადგან იარაღის ექსპორტირება ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია. 2023 წლის ოქტომბერში ვადა ამოეწურა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისთვის დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც რაკეტების ექსპორტს ეხებოდა. სანქციის გაგრძელებას რუსეთის თანხმობაც სჭირდებოდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით Reuters-ს უთხრა, რომ ამერიკულ დაზვერვას აქვს მონაცემები რაკეტების მიწოდების შესახებ რუსეთ-ირანის მოლაპარაკებაზე, თუმცა, გადაცემის ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. სააგენტომ კომენტარები ვერ მიიღო რუსეთის და ირანის თავდაცვის სამინისტროებისგან.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა 21 თებერვალს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.

2024 წლის იანვრის დასაწყისში ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შემდეგ კი დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმაც და უკრაინამ განაცხდეს, რომ რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი ბალისტიკური რაკეტები. მოსკოვი ამას უარყოფდა.

9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

XS
SM
MD
LG