Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალიდან მოსახლეობის გადინების მხრივ მძიმე მდგომარეობაა - დე ფაქტო ადმინისტრაცია


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მძიმე მდგომარეობაა მოსახლეობის გადინების თვალსაზრისით.

ფილიას თქმით, 2011 წლის აღწერით, გალის რაიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 23 ათასი - სოფლებში. მისი თქმით, 2024 წელს აღწერის ჩასატარებლად „ხელისუფლება“ მზად არაა.

ფილიას სიტყვებით, გალის რაიონში 2023 წელს 137 ბავშვი დაიბადა, თუმცა ოფიციალურად 59-ის დაბადების მოწმობა გაიცა.

„ბავშვები სამშობიარო სახლში იბადებიან, თუმცა რეესტრს დაბადების მოწმობის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან მშობლებს დოკუმენტები არ აქვთ“, - თქვა მან.

ფილიას სიტყვებით, მოსახლეობის გადინება 2015 წლიდან დაიწყო, რაც „მოსახლეობისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან“, “დოკუმენტებთან დაკავშირებულ სირთულეებთან“ არის დაკავშირებული. ის ირწმუნება, რომ „ტენდენცია შეჩერებულია“, მაგრამ „მოქალაქეობის მიღების პერსპექტივების არქონის“ გამო ბავშვები „სხვადასხვა ქვეყნებში“ მიდიან.

ფილია ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ „კანონს“ ახსენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. საუბარია „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში“ ცვლილებზე, რომელიც „აფხაზური ეროვნების აღდგენას“ გულისხმობს.

„იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონქვემდებარე აქტებსა და ინსტრუქციებს. უახლოეს პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში დაგვპირდნენ, რომ ჩაეშვება. ვნახოთ, როგორ ამოქმედდება ეს პროცედურა“, - დასძინა მან.

ფილიას სიტყვებით, გალელები რეგისტრაციას არ აუქმებენ, „უბრალოდ ხალხი მიდის“. მას სოფელ თაგილონის მაგალითი მოჰყავს, სადაც, მისი სიტყვებით, 380 სახლიდან 51 დაიცალა.

ფილია ამბობს, რომ ენგურის ხიდს ყოველდღიურად 2.5 ათასი ადამიანი კვეთს. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გალის რაიონში არ ცხოვრობენ, „ისინი მხოლოდ ვიზით შემოდიან, მხოლოდ სპეციალური დოკუმენტებით“, - ამბობს ფილია.

გალში მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით 5000-ს, მხოლოდ ერთი საბუთი, ე.წ. ფორმა №9 აქვს, 1130-ს - „აფხაზური პასპორტი“ და 21 500-ს - „ბინადრობის მოწმობა“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს მონაცემები გადაუმოწმებელია.

გალის რაიონს ყოველწლიურად რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ამას რადიო თავისუფლებას უდასტურებს რამდენიმე წყარო ოკუპირებული გალის რაიონიდან. მათი ინფორმაციით, სოფლებში ძირითადად ხანდაზმულები რჩებიან. ახალგაზრდები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონებში წასვლას ამჯობინებენ. გალელები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის განათლების მიღების და დასაქმების პრობლემას და იმას, რომ ადგილობრივ ქართველებს ე.წ. აფხაზურ პასპორტებს არ აძლევენ.

გალის რაიონის მცხოვრებთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, დე ფაქტო ხელისუფლება არ აძლევს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტს. ისინი ითვლებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებად და უფლებები შეზღუდული აქვთ. მაგალითად, არ შეუძლიათ უძრავი ქონების გაყიდვა, ან შეძენა. გალელებს უწევთ ე.წ. ვადიანი საბუთების დამზადება, რათა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლა შეძლონ. ამას ემატება ოკუპირებულ რეგიონში არსებული მძიმე სოციალური ვითარება:

„მიდის და მიდის ხალხი. ეს გამოწვეულია საბუთების არ ქონით. სოციალური ფონიც არის დაბალი. ხელში ჯოხი, რომ არ უჭირავს, ისეთს იშვიათად შეხვდები. აქ უმრავლესობა ასაკოვანი ხალხია. ახალგაზრდას აქ რა გააჩერებს. როგორ უნდა გაჩერდეს და რა ქნას? - სამუშაო არ არის. რით ირჩინოს თავი? პენსია ახალგაზრდას არ აქვს. სამუშაო არ არის, გართობა არ არის. ჯუნგლია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

მისთვის გაუგებარია, რატომ მოიყვანა გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ მოსახლეობის წასვლის მაგალითად თაგილონი, მაშინ როცა ანალოგიური ვითარებაა ყველა სოფელში. ნაბაკეველი რესპონდენტი, რომელიც წარმოშობით თაგილონიდანაა, გვეუბნება, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში უკვე მუშახელის პრობლემაცაა:

„თაგილონში მეტია მოსახლეობა ვიდრე ნაბაკევში. ყველა სოფლიდან ერთნაირად გადის ხალხი. მუშახელისგან მთლად დაიცალა. ფული, რომ გქონდეს და გინდოდეს მუშის დაქირავება, ვერ იშოვი კაცს, რომელიც გაგიკეთებს რამეს“.

გალის რაიონის სოფელ ოტობაიის მცხოვრებმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფლიდან ახალგაზრდები, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები მიდიან, რადგან მძიმე ეკონომიკური ფონის გარდა, მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღება შეზღუდული აქვთ. სწავლა რუსულად უწევთ, რაც ბევრს არ სურს, ნაწილმა კი რუსული ენა საერთოდ, არ იცის. გარდა ამისა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ცხოვრების დონე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონშია, ვერ პასუხობს ახალგაზრდების მოთხოვნებს და „მათ აღარ უნდათ ჩაკეტილ გარემოში ცხოვრება“.

XS
SM
MD
LG