Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტა „უკეთესობაა“ - რას ცვლის გალის რაიონის მცხოვრებთათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის ახალი წესი


გალის ცენტრი
გალის ცენტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაამარტივა გალის რაიონის მცხოვრებთათვის „ბინადრობის მოწმობის“ გაცემის წესი. ეს არის ვადიანი საბუთი, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრებ „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს აძლევენ. ასეთად კი დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ანუ გალელების უდიდეს ნაწილს. ისინი სწორედ  „ბინადრობის მოწმობით“ ახერხებენ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლას.

2024 წლის თებერვლიდან ძალაში შევიდა „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის კანონში“ ორი თვის წინ შეტანილი ცვლილება. უკვე გაცემული „ბინადრობის მოწმობების“ მოქმედების ვადა ხუთიდან ათ წლამდე გაიზარდა, ხოლო მათთვის, ვინც პირველად იღებს, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრა.

აფხაზეთის ე.წ. შსს-ს გალის რაიონული განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ტატიანა ჩისტიაკოვამ გალის ტელევიზიას უთხრა, რომ ხუთწლიანი „ბინადრობის მოწმობის“ მფლობელები დამატებითი საბუთების წარდგენის გარეშე შეძლებენ ვადის გახანგრძლივებას. მათ კი, ვინც მოწმობას პირველად იღებს, მოუწევთ დაადასტურონ, რომ ბოლო ათი წელია აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და კონკრეტული საბუთები წარადგინონ. მათ შორისაა დაბადების მოწმობა, საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი, ფორმა №9, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შრომის წიგნაკი, ცნობები საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებიდან, სკოლამდელი დაწესებულების დამთავრების და სრული ან არასრული ზოგადი განათლების მიღების ცნობები და პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც ჩისტიაკოვა ამბობს, ამ საბუთების არქონის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს წარადგინოს სხვა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია „სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ და დაადასტურებს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ათწლიან ვადას“.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია ირწმუნება, რომ „ბინადრობის მოწმობის“ მიღება დიდ ხარჯთან დაკავშირებული არ არის. ერთადერთი გადასახადია სახელმწიფო ბაჟი და ბლანკის საფასური. გადახდა ბანკში ხდება, რათა ადამიანებს სხვასთან არავისთან საქმე არ ჰქონდეთ. მინდა, რომ ეს ჩვენმა ხალხმა გაიგოს, რადგან არიან ხოლმე ინიციატივის გამომჩენი პირები, რომლებიც დადიან და დახმარებას ჰპირდებიან. არავის არანაირი დახმარება არ სჭირდება. ადამიანები მშვიდად მდიან საპასპორტო სამსახურში, სადაც დოკუმენტებს სამი თანამშრომელი ამუშავებს“, - განუცხადა ფილიამ გალის ტელევიზიას. მან არ დააკონკრეტა ე.წ. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, მათ 2020 რუსული რუბლის, დაახლოებით 60 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მარტივი არ იქნება. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი არიან, რადგან ვისაც „ბინადრობის მოწმობა“ უკვე აქვს, ხელახლა არ მოუწევს საბუთების წარდგენა და სოფლებიდან ქალაქ გალის ე.წ. საპასპორტო განყოფილებაში რამდენჯერმე მისვლა. სოფელ ნაბაკევში მცხოვრები რესპონდენტი, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, გვეუბნება, რომ პროცედურის გამარტივებას წინ უძღოდა მოქალაქეთა დიდი უკმაყოფილება:

„ერთი ამბავი იყო. რამდენი ჩივილი. უფრო გამარტივებულია, რაც იყო იმასთან შედარებით. ამ საბუთის გარეშე ვერსად წახვალ, გზაში შეიძლება დაგიჭირონ. ამიტომ, ცოტა უკეთესობაა. უკეთესობა ბრჭყალებში. მაგრამ თუ ეს საბუთი ექნება ყველას, არ დაცარიელდება სოფელი“.

ვისაც ახალი „ბინადრობის მოწმობა“ სჭირდება, მისი დამზადების პროცესი შესაძლოა, ერთ წლამდეც გაგრძელდეს. მანამდე მოქალაქეებს შეუძლიათ ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად აიღონ ფორმა №9-ის სახელით ცნობილი „დოკუმენტი“. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა გალელებს შეუძლიათ ძველი საბჭოთა პასპორტითაც. გალის რაიონის მცხოვრებთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, დე ფაქტო ხელისუფლება არ აძლევს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტს. მის გარეშე კი, მაგალითად, შეუძლებელია უძრავი ქონების გაყიდვა, ან შეძენა. რადიო თავისუფლების რესპონდენტი იმ მცირერიცხოვან გალელებს შორისაა, რომლებმაც ე.წ. აფხაზური პასპორტის მიღებას მიაღწიეს ისე, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი არ დათმეს. ჩვენმა რესპონდენტმა ამ ბრძოლას 6 წელი მოანდომა:

პრინციპის გამო გავაკეთე ეს. 83 წლის ქალი ვარ. მთელი ცხოვრება ამ მიწაწყალზე ვცხოვრობ. სამჯერ პარლამენტში (დე ფაქტო) ვიყავი. რა არ ვიღონე. ექვსი სასამართლო გამოვიარე. ძლივს ავიღე. კი არ ამიღია, წავართვი. სიცოცხლის ფასად ვერ დავუთმობ ჩემს მოქალაქეობას“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მონაცემებით, ამჟამად გალის რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 5000-ს მხოლოდ ერთი საბუთი, ე.წ. ფორმა №9 აქვს, 1130-ს „აფხაზური პასპორტი“ და 21 500-ს „ბინადრობის მოწმობა“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს მონაცემები გადაუმოწმებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG