Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთვის ხელსაყრელი პოლიტიკის შემუშავება და გატარება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში


ავტორი: ნიკოლოზ ჭარხალაშვილი

აშშ-სა და ევროპის მხრიდან მომდინარე უკრაინისადმი პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურმა მხარდაჭერამ მსოფლიოს აჩვენა, რომ დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის მარცხს. დასავლეთი აქტიურად მიმართავს დიპლომატიურ სტრატეგიებსა და რუსეთს აკისრებს სანქციებს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, რუსეთი იბრძვის რომ ლუგანსკი, დონეცკი და ხერსონი დაიკავოს, კონფლიქტი გაყინოს რამდენიმე წლით, რათა სამომავლოდ ახალი სამხედრო აგრესიისთვის მოემზადოს, რაც მისი ჩვეული ტაქტიკაა. საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან მანაც იწვნია რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის შედეგები და სამომავლოდ, არანაირი გარანტი არ აქვს საქართველოს, რომ რუსეთი მის ტერიტორიულ საზღვრებს არ დაარღვევს, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია სახელმწიფოს ტერიტორიებზე გრძელდება. ამ პრობლემას მეტად გაამწვავებს ის ფაქტორი, თუკი ომში უკრაინა დამარცხდება. ამიტომ საქართველოსთვის განხილულ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა. გარდა ამისა, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ ეხება საქართველოსაც. საქართველოს მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ უკრაინამ ომში გამარჯვოს და 72% შიშობს, რომ თუკი რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოკითხულთა 51% შიშობს, რომ რუსეთი შესაძლოა მაინც შემოიჭრას საქართველოში ომის შედეგების მიუხედავად. საქართველოს მოსახლეობის მხრიდან პრაქტიკულად სრული მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ, თუმცა მთავრობა თამამად არ პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე. ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ღიად გამოხატავს უკრაინისადმი მხარდაჭერას, ზოგი კი ერიდება თამამი განაცხადის გაკეთებას, მაშინ როცა ეს საქართველოსთვის არსებითია.

2022 წელს საქართველოში მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და მათგან 112,733 მოქალაქე დარჩა კიდეც. რუსეთის მოქალქეთა შემოდინება ცალკეულ პრობლემებს აჩენს ქვეყნისთვის. საქართველომ მიიღო უკრაინელი ლტოლვილები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 25,402 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, მაგრამ მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ფრაგმენტული და სუსტია.

არსებობს საცხოვრებელთან და დოკუმენტებთან დაკავშირებული გამოწვევები, პრობლემები აღინიშნება ჯანდაცვის სერვისების კუთხითაც და არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. ამჟამინდელი მონაცემებით, 51 ქართველი დაღუპული ჯარისკაცი გვყავს. ომის გამო საქართველო შეეჩეხა რიგ ეკონომიკურ გამოწვევებსაც. საქართველოს პრეზიდენტი მეტად თამამია უკრაინისადმი ღიად, საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის კონტექსტში, ვიდრე საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი და მაღალჩინოსნები. პრემიერ-მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და უკრაინის მიერ თავისუფლებისათვის იარაღით ხელში ბრძოლის მიზანშეწონილობა.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, რაც ქვეყანას მეტ პასუხისმგებლობებს აკისრებს. საქართველომ უნდა მკაფიოდ დააფიქსიროს საერთაშორისო დონეზე უკრაინისადმი მხარდაჭერა. ერთ-ერთი მიზანი დასავლურ სამყაროში ქვეყნის სწრაფი ინტეგრაციაა, რისი რესურსიც საქართველოს შესაძლოა მას შემდეგ აღმოაჩნდეს, თუკი მთავრობა გონივრულ პოლიტიკას შეიმუშავებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამასთან, უმთავრესი მიზანი რუსული აგრესიის სრული ლიკვიდაცია და მისი იმპერიალისტური ზრახვების აღმოფხვრაა, რაშიც საქართველომ საკუთარი მშვიდობიანი მოქმედების სტრატეგიით წვლილი უნდა შეიტანოს. უკრაინის გამარჯვება, დასავლეთის გამარჯვება იქნება, რაც აისახება საქართველოს პოლიტიკურ მომავალზეც.

აქტიური დიპლომატიური ჩართულობითა და დასავლელ მოკავშირეებთან მყარი ურთიერთობის შედეგად, საქართველომ შეიძლება გააძლიეროს უსაფრთხოების ხარისხი და გადალახოს ეკონომიკური გამოწვევები. ამასთან, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში ჩართვას დასავლური ღირებულებებისა და უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობის დემონსტრირება შეუძლია. ამ მხარდაჭერამ შესაძლოა რუსეთი ძლიერ გააღიზიანოს, რაც ამ მიდგომის ნაკლად შეიძლება ჩავთვალოთ. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობის დროს ბალანსის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესია. საქართველო 2012 წლიდან უფრო მეტად გახდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებული და ქვეყნის სანქციებში ჩართულობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე.

ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს ომში მხარს უკრაინის გამარჯვებას და რადგანაც, ჩვენი ურყევი მიზანია დასავლურ ოჯახში გაწევრიანება, აუცილებელია, პრიორიტეტად დავისახოთ ერის ერთსულოვანი და ურყევი არჩევანი. ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია გავზარდოთ საერთაშორისო ჩართულობის ხარისხი და აღნიშნული შეიძლება განვიხილოთ რეკომენდირებული პოლიტიკის საგნად. არა ერთი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა საომარ პროცესებს, საქართველომ შეძლებისდაგვარად შეიფარა ათასობით უკრაინელი დევნილი, თუმცა საქართველო ორჭოფობს და მისი პოზიციაც ორაზროვანია იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციას ყველა ელის. ჩვენ შეგვეძლო იარაღის შესყიდვით იმის დემონსტრირება მაინც, რომ რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში საკუთარ თავს იარაღით დავიცავდით. უარი ვთქვით ჩვენი სიმტკიცის დემონსტრირების როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო საშუალებებზე, შედეგად მივიღეთ რეფერენდუმი ცხინვალში. აუცილებელია შეწყდეს ანტიუკრაინული და ანტიდასავლური რიტორიკა მმართველი რეჟიმისა და მისი მედიასაშუალებების მხრიდან. მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოუცხადოს უკრაინას მხარდაჭერა, არ უნდა ითქვას უარი დასავლური იარაღის შეძენასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში შეერთებაზე. უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო სარბიელზე ეფექტური პოზიციონირებით საქართველო დაიმსახურებს დიდ ნდობასა და მხარდაჭერას როგორც უკრაინის, ისე დასავლური სამყაროს მხრიდან, რაც საქართველოს ევროკავშირისაკენ სვლის პროცესს დააჩქარებს. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც. მხოლოდ ამგვარი სწორი, დიპლომატიური სტრატეგიითა შესაძლებელი სახელმწიფომ თავი აარიდოს დიდი, იმპერიალისტი ქვეყნისაგან მომდინარე მორიგ აგრესიას. უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის კონტექსტში შემოთავაზებულია დიპლომატიური სტრატეგიები, რაც შეესაბამება დასავლურ ღირებულებებსა და საქართველოს ახალისებს აქტიური საერთაშორისო მონაწილეობისკენ, რათა დაცული იყოს ქვეყნის ყველა ინტერესი, მათ შორის, მოიაზრება ევროკავშირსა და ნატოში სწრაფი ინტეგრაცია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG