Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მათი ერთადერთი დღე - სარვამარტო


კლასელმა მომწერა, ძველი რვა მარტები თუ გახსოვს, "მთელი წლის განმავლობაში შეზღუდული ქალები ამ დღეს რომ აიშვებდნენ, ქეიფობდნენ და თვრებოდნენ, იმ დროიდან არ მიყვარს ეგ დღესასწაულიო".

სევდიანი ამბავი იყო-მეთქი, ვუპასუხე.

მე ის მახსოვს, რომ იმ დღეს, დედა, სარკის წინ უფრო დიდხანს იდგა ხოლმე, ვიდრე ოდესმე. იქვე, „ტრილიაჟის“ სკამზე ვიყავი ჩამომჯდარი და დაკვირვებით ვუყურებდი ამ საგანგებო მზადებას, წელიწადში ერთადერთ დღეს, როცა ის არსად ჩქარობდა და მას ჰქონდა თავისი ნახევარი საათი მოსაკაზმად, მოსალამაზებლად.

დედა ფრთხილად ისვამდა მწვანე ჩრდილს თვალზე, შემდეგ შავ ფანქარს, თმას გაცხელებული რკინის მაშებით იხვევდა, ოდნავ პომადასაც გადაისვამდა, მერე კომოდის უჯრიდან თავის „ანაისს“ ამოაძვრენდა და მიიპკურებდა. ბოლოს თამბაქოსფერ, შავკოპლებიან კაბას ჩაიცვამდა, კოლოფიდან თავის საუკეთესო ბეჭედს ამოიღებდა, მარცხენა ხელის არათითზე მოირგებდა და ამით მომზადებაც დასრულებული იყო.

მიყვარდა, როცა ის ოთახიდან გადიოდა, შიგნით კი დიდხანს რჩებოდა მისი სურნელი.

ვფიქრობდი, რომ ზუსტად იმ დროს, თავიანთ სახლებში, ასევე არსად ჩქარობდნენ დანარჩენი ქალებიც.

რაჭა, ამბროლაური, 1980-იანი წლები, ქალების სარვამარტო წვეულება
რაჭა, ამბროლაური, 1980-იანი წლები, ქალების სარვამარტო წვეულება

წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ იდგნენ ისინი თავიანთი სარკეების წინ, სარკის კიდეზე, ალბათ, ფერადი მძივები ეკიდა, რომელსაც უცებ შეავლებდნენ თვალს, ერთ-ერთს ჩამოხსნიდნენ, დაიკიდებდნენ და ფრიალით, შრიალით, უცებ-უცებ გაცვივდებოდნენ სახლიდან, ისე, როგორც დედაჩემი.

არავის რომ შეეჩერებინა, დაეყოვნებინა, რამე საქმე არ დასწეოდათ და ეს ერთი, მხოლოდ მათი, ქალების დღე ბოლომდე შეერგოთ. დღე, როცა არავინ არაფერს უკონტროლებდათ. არც დაგვიანების გამო უსაყვედურებდნენ. შეიძლება რომელიმე აბეზარ ქმარს მიეკითხა დროზე ადრე, მაგრამ ეგეც იშვიათად.

ამ ერთ დღეს მათ რთულად, მაგრამ მაინც ჩუქნიდნენ.

იმ სუფრასთან არ იყვნენ კაცები. ეს იყო მთლიანად მათ ხელში ჩავლილი საღამო. ხმამაღალი სიცილით, ცეკვით, ხმაურით, ურცხვი შეხუმრებებით, გამოთავისუფლებული ენერგიის ისეთი ზეიმით, რომ დროსტარების დასასრულისკენ, უკვე არაქათგამოცლილები, უხმოდ სვამდნენ ხოლმე ყავას, ზოგი თვალდახუჭული ნეტარებდა. უხამს ანეკდოტებსაც ჰყვებოდნენ, სასაცილო ამბებსაც ცოლქმრული ცხოვრებიდან, სხვა სუფრაზე რომ ვერასოდეს გაბედავდნენ ხმამაღლა მოყოლას. ზოგი ფრთხილად ეწეოდა კიდეც, მაგრამ ძირითადად, მაინც სვამდნენ. და ეს იყო წელიწადში ერთადერთი დღე, როცა მათ არ ჰყავდათ ბატონი.

მაგრამ ეს სიგიჟე მთავრდებოდა მაშინვე, როცა მასპინძლის კარი იხურებოდა და ქალები თავ-თავიანთი სახლების გზას დაადგებოდნენ ხოლმე.

მერე ისადგურებდა სიჩუმე, თითქოს განცდილი სიხარული და გართობით მოგვრილი სიამოვნება აღარ უნდა შეგემჩნია.

მე ასე მახსოვს: დედა მოდიოდა ხოლმე დაღლილი, შეფარულად კარგ ხასიათზე, მაგრამ არასოდეს მინახავს, იმ დღით მის აღფრთოვანებას ჩვენი სახლის ჭიშკარი გადმოელახოს.

ეს ქალების ერდთღიანი დღესასწაული იყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG