Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკალავრის წითელი დიპლომი და კურიერის ლურჯი ჩანთა


ავტორი: გიორგი მიქელაძე

ძალიან ჩვეულებრივი დღე იყო, იმდენად ჩვეულებრივი, ამინდის აღწერაც რომ არ არის საჭირო. ან შეიძლება, ჩემთვის გახდა ყველა დღე და ამინდი ერთფეროვანი, არ ვიცი…

“37 ლარი და 70 თეთრი” - დაეწერა ჩემი გატეხილი ტელეფონის ეკრანზე. სახე კმაყოფილებით გამებადრა, 4 საათის გამომუშავებულ თანხას რომ შევხედე. ამ დროს, მაკდონალდსის წინ ვიჯექი და ჩემს მწვანე ველოსიპედთან ერთად ველოდებოდი მორიგ შეკვეთას. ტარიფი იმ მომენტში საკმაოდ დაბალი იყო, რის გამო ცოტა კურიერი ვიყავით სამუშაოდ გამოსული. თანდათან მზემაც გამოანათა და ეს სრულიად საკმარისი იყო, კიდევ ორი საათით მეტარებინა შეკვეთები. ჰოდა… მორიგი, არაფრით გამორჩეული შეტყობინებაც მივიღე: “ბიგმაკის მაკმენიუ, პატარა კოლა და ,,ხახვის გარეშე’’. არ ვიცი ეს სულელური დეტალები რატომ ან როდის დაიმახსოვრა ჩემმა ტვინმა. თუმცა, რა გასაკვირია, გონება ხომ ზოგჯერ მტვერსასრუტივით ისრუტავს ყველას, რაც კი გზას შეხვდება.

შეკვეთა ,,საქართველოს უნივერსიტეტში’’ უნდა მიმეტანა. 7 თვის წინ, ამ ადგილიდან დიპლომი წამოვიღე, ბოლოს კი ბიბლიოთეკით სარგებლობის სურვილი რომ გამიჩნდა, უარით გამომისტუმრეს. თეთრ პლასტმასის ჯიხურში გამოკეტილმა დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ სტუდენტის სტატუსი აღარ მქონდა აქტიური და სივრცით ვეღარ ვისარგებლებდი, თუ 50 ლარს არ გადავიხდიდი. არ ვიცი, ეს ყველა უნივერსიტეტის შინაგანაწესია თუ არა, მაგრამ მოცემულობა ძალიან მესევდიანა.

ახლა, ამ ინციდენტის შემდეგ აღარ ვიცოდი, მინდოდა თუ არა იქ მისვლა. საკუთარ თავს ვძლიე და მივედი, მაგრამ თავი ათასი ფიქრით მქონდა გამოტენილი. Ზუსტად 12 წუთზე “საქართველოს უნივერსიტეტის” შესასვლელთან ვიდექი. დაცვას ჩვეული ადგილი დაეკავებინა. ველოსიპედი გარეთ დავტოვე, მტკიცე ნაბიჯით წავედი ეზოში შესასვლელი კარისკე. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ უპირობოდ შევიდოდი შიგნით, რადგან პირდაპირი, ცისფერი ბილეთი მქონდა ზორგზე მოგდებული, რომელსაც „ვოლტ პარტნერ ქოურიერ“ ეწერა.

ხუთი წლის წინ, უნივერსიტეტის ამ კართან ვიდექი, დიდი მიზნებითა და ამბიციებით აღსავსე. ახლაც ჩამესმოდა ის ფრაზები, რომლებიც მარწმუნებდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, თუ კი ვიშრომებდი. მეცინება… მე ჩემსას არ ვაკლებდი, ამას სტიპენდიაც მიდასტურებს და სადიპლომო ფურცელში ასახული უმაღლესი ქულები.

ასეთი მძიმე შეკვეთა, მსუბუქი ჩანთით არსად არ მიმიტანია. სახელს ვერ ვარქმევ, რა გრძნობათა კორიანტელი იყო ჩემს სხეულში. უბრალოდ, იმ მომენტში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი.

ფერეფანში ჩემი ერთ-ერთი საგნის ლექტორის შევნიშნე, ინსტინქტურად ჯიბიდან დაკუჭული პირბადე ამოვაძვრინე და სახეზე ავიფარე. ვერ მივხვდი, სუნთქვის გაძნელება უჰაერობამ გამოიწვია თუ ყელში მობჯენილმა ბურთმა. სწრაფად გამოვბრუნდი უკან.

ამინდი თბილისისთვის დამახასიათებელ უხეშ, ცივ ფერებში იყო, ქარს ჩემი ველოსიპედი დაენარცხებინა ძირს. სწრაფად გავასწორე, უთავო მხედარივით შემოვაჯექი და გზა ემოციებით გადატვირთულმა განვაგრძე. ერთი კიდევ მივიხედე უკან, დავამუხრუჭე და ღიმილნარევი მივაშტერდი უნივერსიტეტის კორპუსზე, სისხლისფერი ასოებით დაწერილ “თუ სწავლა გინდა-ს”.

ჩემს უნივერსიტეტს საამაყოდ აქვს, 96% გვყავს დასაქმებულიო. დავინტერესდი, მეც შევდიოდი ამ პროცენტულობაში? ამაში პროფესიით დასაქმებულებს გულისხმობენ თუ უბრალოდ დასაქმებულებს.

სახლში მივედი. ორი დღე თავში მიტრიალებდა კითხვა: ვიყავი მე 96%-ის ნაწილი?

გამახსენდა, ერთხელ მეც დამირეკეს შეკითხვით, ვიყავი თუ არა დასაქმებული. განვუმარტე, რომ ვმუშაობდი, მაგრამ არა ჟურნალისტად, არამედ თამაშის წარმდგენად “ევოლუშენ ჯორჯიაში” (აქ მუშაობა კი არანაირ განსაკუთრებული უნარებს არ მოითხოვს).

ვერ მოვისვენე, “საქართელოს უნივერსიტეტის” ცხელ ზაზზე დავრეკე. დამიდასტურეს, სტუდენტების 96% მართლაც დასაქმებულია, თუმცა მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ვიყავი თუ არა მე ამ 96% ნაწილი. უფრო მეტიც, შესაბამის დეპარტამენტს მეილზე გავუგზავნე კითხვების ჩამონათვალი, რომელზეც არავინ არ მიპასუხა და არც ვიცი, ნახეს თუ არა. საბოლოოდ, თავი “ცისფერ მთებში” მეგონა, ოპერატორი მეუბნებოდა რომ ჩემს კითხვებზე ვერავინ მიპასუხებდა, თუმცა უარსაც არ მეუბნებოდა და სხვაგან მამისამართებდა.

(ავტორი ტექსტის რედაქტირებისთვის მადლობას უხდის ანა რობაქიძეს)

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG