Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტებმა თავი მოუყარეს მონაცემებს უკრაინელი ტყვეების წამების შესახებ


"აზოვსტალის" დამცველთა ნათესავები მოითხოვენ, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნეს აღიარებული ოკუპირებულ ოლენევკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის შემდეგ. ლვოვი, 18 აგვისტო, 2022.
"აზოვსტალის" დამცველთა ნათესავები მოითხოვენ, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნეს აღიარებული ოკუპირებულ ოლენევკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის შემდეგ. ლვოვი, 18 აგვისტო, 2022.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2022 წლის მარტში შექმნილი უკრაინის ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის საგამოძიებო კომისიის ექსპერტებმა მორიგი ანგარიში მოამზადეს.

მასში საუბარია რუსი სამხედროების მხრიდან უფლებების სისტემატურ და მასშტაბურ დარღვევაზე. მათი ქმედებები, ექსპერტების შეფასებით, შეიძლება წარმოადგენდეს სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე.

ანგარიში მომავალ კვირაში გამოქვეყნდება ჟენევაში, მაგრამ მისი შინაარსი BBC-ისა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი.

ანგარიშის უმეტესი ნაწილი ეძღვნება რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი სამხედროების წამებასა და შეურაცხყოფას. კომისიის წევრები ეყრდნობიან როგორც ყოფილი პატიმრების, ასევე რუსი დეზერტირების ჩვენებებს. მოხსენებაში მოთხრობილია წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის რამდენიმე საშინელი შემთხვევა, მათ შორის ამბავი ყოფილი პატიმრისა, რომელიც ჰყვებოდა თავისი ყოფნის შესახებ სასჯელაღსრულების კოლონიაში ტულის ოლქის ქალაქ დონსკოიში, სადაც მას „მუდმივად აწამებდნენ, რის შედეგადაც ძვლები ჰქონდა დამსხვრეული, კბილები ჩამტვრეული, დაშავებულ ტერფზე კი განგრენა განუვითარდა“. „დავკარგე ყოველგვარი იმედი და სიცოცხლის სურვილი”, - თქვა ჯარისკაცმა და დასძინა, რომ ერთ მომენტში წამების ტკივილი იმდენად აუტანელი გახდა, რომ ის თავის მწამებლებს ემუდარებოდა, რომ მოეკლათ ის. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე 36-ჯერ მოათავსეს საავადმყოფოში.

წამების გამოყენება ანგარიშში აღწერილია, როგორც ფართოდ გავრცელებული და სისტემატური. საუბარია ცემაზე, ელექტროშოკერების გამოყენებაზე, შიმშილითა და წყურვილით წამებაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია უკრაინის იმ მოქალაქეების უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. აღნიშნულია, რომ უკრაინის ოფიციალური პირები გაეროში ექსპერტებთან თანამშრომლობენ, განსხვავებით რუსებისგან, რომლებმაც უარყვეს ყველა მოთხოვნა შეხვედრებისა და ინფორმაციის შესახებ.

ანგარიშში ასევე საუბარია ბავშვების გადაყვანაზე ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან ანექსირებულ ყირიმში. მითითებულია, რომ ამას აქვს ბავშვების მუდმივი გადაადგილების ყველა ნიშანი და, შესაბამისად, შეიძლება კვალიფიცირებული იყოს როგორც იძულებითი დეპორტაცია.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ოპერაციების განხორციელებისას ნაკლებად ზრუნავენ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველ დაბომბვებს ახორციელებენ. კერძოდ, მოყვანილია მარიუპოლის მაცხოვრებლების მტკიცებულებები. ასევე დაფიქსირდა რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების შეურაცხყოფის, მათ შორის გაუპატიურების შემთხვევები.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში რაიმე დანაშაულს სჩადიან. ისინი აცხადებენ, რომ დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, ბავშვები კი უკრაინიდან გაჰყავთ მათივე უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ხელისუფლება ან ყალბს უწოდებს სამოქალაქო პირების დაღუპვის საყოველთაოდ ცნობილ შემთხვევებს, კერძოდ ბუჩასა და მარიუპოლში, ან მკვლელობაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

ასევე ნახეთ

XS
SM
MD
LG