Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე მიქაუტაძე ადვოკატ მწარიაშვილს „ფორმულისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო უჩივის


უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში სამოქალაქო დავის წამოწყებას აპირებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში სამოქალაქო დავის წამოწყებას აპირებს.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩეული მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ადვოკატ მაია მწარიაშვილს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული კომენტარის შინაარსის გამო სასამართლოში უჩივის.

უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მიქაუტაძემ თქვა, რომ მისი ქონებისა და შემოსავლების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი ე.წ. ვეტინგის საფუძვლის შექმნა იყო.

გიორგი მიქაუტაძის კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:41 0:00
სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში ეწინააღმდეგებიან სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც.

„ჩვეული მეთოდებით დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიტიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სატელევიზიო შოუების მოწყობით. ცდილობენ, შეუქმნან საფუძველი 'ვეტინგის' სისტემის ჩატარებას“, - თქვა გიორგი მიქაუტაძემ უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.

მოსამართლე სადავოს ხდის ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში 2024 წლის 14 მარტს ადვოკატის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე ცნობას. „ვეტინგზე“ საუბრის დროს მაია მწარიაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა გიორგი მიქაუტაძის ქონების დაგროვების გზები.

გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ „ფორმულაზე“ ითქვა რამდენიმე ცრუ ინფორმაცია:

  • მან და მისმა ცოლმა შეიძინეს 2500 კვადრატული მეტრი მიწა და არა 2,5 ჰექტარი (25 000 კვ.მ), როგორც ამას ადვოკატი ამბობდა ინტერვიუს დროს;
  • მისი ოჯახი კომპანია სს „ბახტრიონიდან“ ყოველთვიურად იღებდა 22 ათას ლარს და არა არის სიმართლე ყოველწლიურად მხოლოდ 14 ათასი ლარის მიღებაზე გავრცელებული ცნობა.

„აშკარაა, რომ შემოწმების რეალური საფუძვლები არ არსებობს, არ არსებობს ამის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება და გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. რეალური მიზანი გახლავთ სასამართლოს ხელისუფლების დამორჩილება, გავლენის გაზრდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ხელისუფლების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლო დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც არის მიუღებელი და დაუშვებელი“, - თქვა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ სამოქალაქო დავით ითხოვს ადვოკატმა გავრცელებული "ფაქტები უარყოს“.

მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზანი მისი კოლეგების დაშინებაა.

„თუ მათ ჰგონიათ უზენაესი სასამართლოს კიბეებიდან ჩატარებული ბრიფინგი უფრო მომგებიანია და მეტად შემაშინებელია ვინმესთვის, ძალიან ცდებიან. ეჭვი მეპარება, რომ მათ ჰქონდეთ მოლოდინი ჩემი შეშინების, მაგრამ ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ ამოცანად აქვთ დააშინონ სხვა კოლეგები - რომლებმაც არ უნდა გამოთქვან განსხვავებული აზრი და არ დასვან კითხვები მათ ქონებაზე“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა, 19 მარტს - გიორგი მიქაუტაძის ბრიფინგის მეორე დღეს.

*მასალა განახლდა მაია მწარიაშვილის კომენტარით.

XS
SM
MD
LG