Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხრეთში ელექტროსადგური გაითიშა, სავარაუდოდ, დრონებით შეტევის შედეგად


ფოტო არქივიდან. რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგური
ფოტო არქივიდან. რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგური

დღეს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სამხრეთში მდებარე როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის რაიონში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ათამდე აფეთქების შესახებ იუწყებიან.

სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურზე. როსტოვის ოლქის ხელისუფლება ელექტროსადგურზე ხანძარს ადასტურებს, თუმცა გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს.

ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურის ტრანსფორმატორზე იყო ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ჩააქრეს“ და არავინ დაშავებულა, მაგრამ საჭირო გახდა ორი ენერგობლოკის დროებით გამორთვა. გუბერნატორის თანახმად, ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა მაღალი ძაბვის ორი გადამცემი ხაზიც.

ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგური როსტოვის ოლქში ამ ტიპის უმსხვილესი სადგურია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, „გზად დაიჭირეს" 11 „უკრაინული" უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინას დრონებით ამ შეტევაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

22 მარტს რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „დნეპროჰესზე“.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მან 22 მარტს განაცხადა, რომ მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო მრეწველობის და რკინიგზის ობიექტებზე, იარაღის საწყობებსა და უკრაინის არმიის სამხედროების და „დაქირავებული უცხოელების" დისლოკაციის ადგილებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ დარტყმებს უწოდა „შურისძიება" რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გამო.

მარტის შუა რიცხვებში, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინამ დრონებით მიიტანა იერიში რუსეთის სულ მცირე ექვს მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 12 მარტიდან რუსი მოხალისეების შეიარაღებულმა ჯგუფებმა შეტევა დაიწყეს რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე.

XS
SM
MD
LG