Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო დავები მოიგეს


თემიდა, თბილისის სააპელაციო სასამართლო - საილუსტრაციო ფოტო
თემიდა, თბილისის სააპელაციო სასამართლო - საილუსტრაციო ფოტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში შრომითი დავები მოიგეს.

ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლოზ წიქარიძის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 27 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ გამოაცხადა. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო შესაბამისი ბრძანება.

მათივე ცნობით, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა ნიკოლოზ წიქარიძისთვის განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან, კომპენსაციის სახით მისთვის 2000 ლარის გადახდა.

კიდევ ერთი მოსარჩელის, ნათელა მუმლაძის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ორგანიზაციის ცნობით, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ნათელა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ნათელა მუმლაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ანგარიშგება-აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად კი მასობრივად დათხოვნილთა შორის აღმოჩნდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებითვე, ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას სამივე ინსტანციაში მოუგო დავა ხელოვნებათმცოდნე დინარა ვაჩნაძემ:

"19 მარტს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალბატონი დინარას გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან".

დინარა ვაჩნაძე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში - ხელოვნების მუზეუმიდან ის თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს, ათობით სხვა კოლეგასთან ერთად. რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში 2022 წლის დასაწყისში ჩატარდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დინარა ვაჩნაძის საქმეზე გადაწყვეტილება 8 აგვისტოს გამოაცხადა - ამ გადაწყვეტილებით უკანონოდ ჩაითვალა ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ და მუზეუმს დაეკისრა ვალდებულება, დინარა ვაჩნაძისთვის გადაეხადა როგორც კომპენსაცია, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელფასის ოდენობის თანხა განაცდურის სახით.

ეროვნული მუზეუმის, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების ათობით სარჩელია სასამართლო წარმოებაში, ამ უწყებებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ. სამსახურიდან გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაითხოვეს განსხვავებული აზრისა და კულტურის მინისტრის პოლიტიკის მიუღებლობისთვის. რამდენიმე საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა - თითქმის ყველა მათგანში გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.

XS
SM
MD
LG