Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია


ხელოვნების მუზეუმი. 2022 წლის მაისი
ხელოვნების მუზეუმი. 2022 წლის მაისი

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ეროვნული მუზეუმიდან დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება უკანონოა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს. დინარა ვაჩნაძის ინტერესებს შრომით დავაში ეს ორგანიზაცია იცავდა.

დინარა ვაჩნაძე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში - ხელოვნების მუზეუმიდან ის თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს, ათობით სხვა კოლეგასთან ერთად. რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში 2022 წლის დასაწყისში ჩატარდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დინარა ვაჩნაძის საქმეზე გადაწყვეტილება 8 აგვისტოს გამოაცხადა - ამ გადაწყვეტილებით, უკანონოდ ჩაითვალა ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ და მუზეუმს დაეკისრა ვალდებულება, დინარა ვაჩნაძისთვის გადაეხადა როგორც კომპენსაცია, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხა.

"სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა", - ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული მუზეუმის, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების ათობით სარჩელია სასამართლო წარმოებაში, ამ უწყებებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ. სამსახურიდან გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაითხოვეს განსხვავებული აზრისა და კულტურის მინისტრის პოლიტიკის მიუღებლობისთვის. რამდენიმე საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა - თითქმის ყველა მათგანში გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.

XS
SM
MD
LG