Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა


საილუსტრაციო ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა
საილუსტრაციო ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების პროცესები გაიმართა. შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის უკანონო გადაკეტვას ედავება. მათი ნაწილის, მათ შორის მსახიობ ნატალია ყიფშიძის სასამართლო პროცესი გადაიდო, ნაწილი კი დააჯარიმეს.

20 მაისს გამართულ სხდომებზე 500-500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა საბა სხვიტარიძეს, პარტია "დროას" წევრს ანრი გორგილაძეს, აქტივისტ ლაზარე ორდენიძესა და პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუას.

"ძალიან მალე დამისრულეს პროცესი. დამაჯარიმეს 500 ლარით. ეს მაქსიმუმია, რასაც ითვალისწინებს [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის] 174 პრიმა მუხლი. მტკიცებულებებს რაც შეეხება, ჰქონდათ ერთი ფოტო, სადაც მე ვჩანვარ, მაგრამ არ ჩანს სად ვარ, და ერთი ვიდეო, სადაც გადავდივარ გზაზე. მაქსიმუმი, რასაც ეს ამტკიცებს არის ის, რომ ვიყავი აქციაზე და გზა გადავკვეთე. ეს იმას არ ამტკიცებს, რომ მონაწილეობას ვიღებდი გზის გადაკეტვაში. ადმინისტრაციულ საქმეებს "ქართული ოცნებს" იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს პოლიტიკოსების და აქტიური მოქალაქეების რეპრესირება მოახდინოს", - უთხრა ბორის ჩელე ყურუამ ტელეკომპანია "მთავარ არხს".

აქტივისტი ლაზარე ორდენიძე ამბობს, რომ შსს-ს ერთადერთი მტკიცებულებაა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადადიან აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე:

"პირადად მე საერთოდ არ ვჩანვარ კადრებში. გვეუბნებიან, რომ არ ჩანს მსვლელობა, მაგრამ მსვლელობაც რომ გამოჩენილიყო და იმ დღეს იყო მსვლელობა ევროპის მოედნისკენ, ისინი გვეტყოდნენ, რომ ფეხით სავალ ნაწილზე უნდა გავნაწილებულიყავით ჯაჭვის სახით და წავსულიყავით. ხელისუფლება ცდილობს, ადამიანები დაგვაჯარიმოს და ამით შეგვაშინოს, რათა აღარ გავიდეთ აქციებზე".

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

სამივე მოსმენით მიღებული „აგენტების კანონი“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG