Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ არ დავიღლებით“ - მარშის შემდეგ დემონსტრანტების ნაწილი ორბელიანების სასახლისკენ წავიდა


მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე. 26 მაისი, 2024 წელი
მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე. 26 მაისი, 2024 წელი

"ჩვენი ბრძოლა არის მტკიცე, ჩვენზე სულ ტყუილად ფიქრობდნენ, რომ დავიღლებოდით. ჩვენ არ დავიღლებით არც შემდეგ დღეებში, ვიდრე რუსულ კანონს არ წაიღებენ უკან და საქართველო არ გახდება ევროპის ნაწილი...“

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი დემონსტრაციის მონაწილეებმა, რომლებმაც თბილისში, ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე მარშში მიიღეს მონაწილეობა, ხელისუფლებისგან მოითხოვეს ე.წ. აგენტების კანონის უკან წაღება.

ვაკის პარკთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ „არ დაიღლებიან“. ამით ისინი ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლას, რომელშიც ის იმედს „ძალის ბოლომდე გამოცლაზე“ ამყარებდა.

„ვერაფერი ვერ გააჩერებს ამ მოძრაობას. 26 მაისი 1918 წელს გამოცხადდა ევროპისა და დასავლეთის მხარდაჭერით. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის და 26 მაისის [დამოუკიდებლობის] მტკიცე მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

ჩვენი ბრძოლა არის მტკიცე, ჩვენზე სულ ტყუილად ფიქრობდნენ, რომ დავიღლებოდით. ჩვენ არ დავიღლებით არც შემდეგ დღეებში, ვიდრე რუსულ კანონს არ წაიღებენ უკან და საქართველო არ გახდება ევროპის ნაწილი“, - მიმართა დემონსტრანტებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

პოეტი რატი ამაღლობელი (მარცხნივ) და მწერალი ლაშა ბუღაძე. დემონსტრაცია ვაკის პარკთან. 26 მაისი, 2024 წელი
პოეტი რატი ამაღლობელი (მარცხნივ) და მწერალი ლაშა ბუღაძე. დემონსტრაცია ვაკის პარკთან. 26 მაისი, 2024 წელი

სიტყვით გამოსვლისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ ბრძოლა ბოლომდე მივა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ თავიანთი შვილები გაუშვან ევროპასა და ამერიკაში, მათ რუსეთი უნდათ ჩვენთვის, თავისთვის კი უნდათ კარგი ცხოვრება. ამის უფლებას არავინ მისცემს... ვერავინ ვერ გაბედავს ამ ქვეყანაში, რომ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება იქამდე, სანამ არ დავიღლებით. ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში“, - თქვა გიგაურმა.

დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანების სასახლისკენ, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად დაიძრა.

დემონსტრაცია ვაკის პარკთან. 26 მაისი, 2024 წელი
დემონსტრაცია ვაკის პარკთან. 26 მაისი, 2024 წელი

რამდენიმე კვირაა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.

23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG