Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ მწვავე რეაქცია მოჰყვა დაუშვილის შეკითხვას - „საერთაშორისო იზოლაცია იქნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკისთვის?“


მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრი
მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. აგენტების კანონის შესახებ პრეზიდენტის ვეტო განიხილეს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა მომხსენებელს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა: კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, დაემუქროს საერთაშორისო იზოლაცია და ეს იქნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკისთვის?

„ფაქტობრივად, ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ შორის ისიც უკვე თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის მოქალაქეების მიმართ ტოტალური ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას?

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?“ - ჰკითხა დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

დაუშვილის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის დეპუტატს ამ შეკითხვის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთეთ ახლა და იქნებ განმარტოთ... ვინმეს აღიარებაზე არის დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიები, ისტორიული მიწა-წყალი?! ცოტა დაფიქრდით, რა განცხადებას აკეთებთ, ხალხო... როგორ შეიძლება ასეთი შეკითხვის დასმა?! ... რას გვეუბნებით, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტულ გამჭვირვალობის საკითხზე?“ - თქვა ოხანაშვილმა.

დაუშვილმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა და განაგრძო: „თუ რეალიზდა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე, კითხვა არის შემდეგი: ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?... ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა უდიდესი რისკია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრების გარეშე ჩვენ დაცული ვერ ვიქნებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავუშვათ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა.“

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დაუშვილის შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს. საკითხს პლენარულ სხდომაზე 28 მაისს განიხილავენ.

14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG